Site icon Civil.ge

სოხუმმა „საგარეო პოლიტიკის კონცეფცია“ დაამტკიცა 

სოხუმის ცენტრი, აფხაზეთი, საქართველო. ფოტო: www.sukhumcity.ru

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა განკარგულებას აფხაზეთის „საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების თაობაზე. ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

ოკუპირებული რეგიონის საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპებად დოკუმენტი „ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობას, საგარეო გამოწვევებსა და საფრთხეებზე აქტიურ რეაგირებას, მრავალდონიან საგარეო კონტაქტებსა და ურთიერთპატივისცემას“ ასახელებს.

კონცეპცია აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის 11 მიზანს განსაზღვრავს, მათ შორის, რეგიონის „ეროვნული უსაფრთხოების“ უზრუნველყოფას, „მისი მოქალაქეების“ დაცვასა და „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ გაძლიერებას.

დოკუმენტის თანახმად, ამგვარი ძალისხმება რეგიონში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საზღვარგარეთ სოხუმის სავაჭრო და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობისკენ უნდა იყოს მიმართული.

საგარეო პოლიტიკურ მიზნებს შორის დოკუმენტი „რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა“ და იმ ქვეყნებთან, რომლებიც მის დამოუკიდებლობას აღიარებენ, „ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების“ განვითარების საჭიროებას ასახელებს.

მიზნებს შორის ასევე ჩამოთვლილია „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება“, ასევე „კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერება“.

მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 16 აგვისტოს აღიარა. ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა დღემდე მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ ცნეს. თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ორივე რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)