Site icon Civil.ge

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართა 

ოპოზიციის ლიდერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, 9 ნოემბერი, თბილისი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის 8 დეკემბერს საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების – კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით მოლაპარაკების რიგით მეოთხე რაუნდი გაიმართა.

დაახლოებით ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, პარტიების ლიდერებმა მედიასთან საუბრისას წინა რაუნდის დროს დაფიქსირებული პოზიციები კიდევ ერთხელ გაიმეორეს და ხაზი გაუსვეს, რომ მხარეებს შორის ახალი არჩევნების ჩატარებასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებაზე კვლავ ფუნდამენტური განსხვავებები რჩება. თუმცა, მათვე აღნიშნეს, რომ საარჩევნო სისტემის საკითხებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე პოზიციების დაახლოება მოხერხდა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო რეფორმაზე პოზიციები ისე დაახლოვდა, რომ ეს საკითხი, შესაძლოა, შეთანხმების საფუძველი გახდეს.

თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ახალი არჩევნების ჩატარებისა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხებზე შეთანხმების გარეშე, ისინი პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ.

ქართული ოცნება და ოპოზიციური პარტიები არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის მიზნით მოლაპარაკებებს მას შემდეგ მართავენ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ ცნეს და ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.

მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი, სავარაუდოდ, დღეს, 9 დეკემბერს გაიმართება, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა კი – 11 დეკემბერს ჩატარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)