Site icon Civil.ge

„ოცნება“ მე-5 რაუნდამდე „რადიკალურ“ ოპოზიციას აკრიტიკებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფოტო: facebook.com/KobakhidzeOfficial/

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდამდე ერთი დღით ადრე, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე „რადიკალური ოპოზიცია“ მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა და ქართული ოცნების სამომავალო გეგმებზე ისაუბრა.

კობახიძის განცხადებით, „ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად“.

მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობის ერთ-ერთ მაგალითად, მან მესამე შეხვედრაზე საარჩევნო რეფორმის საკითხზე მიღწეული „პრინციპული“ შეთანხმების მიუხედავად, მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ოპოზიციის მიერ „ახალი ულტიმატუმების“ წარმოდგენა დაასახელა, რომლებიც „პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარების ინტერესებთან“.

კობახიძემ „რადიკალური“ ოპოზიცია და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტებსა“ და „დასავლელ მეგობრებზე“ თავდასხმასა და „ანტიდასავლურ პროპაგანდაშიც“ დაადანაშაულა.

„ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ქვეყანაში პოლარიზაციის „მთავარ წყაროდ“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი,  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, რომელიც მისივე თქმით, საარჩევნო პროცესებში კანონდარღვევით იყო ჩართული. კობახიძის განცხადებით, ახალ პარლამენტში ქართული ოცნება კანონპროექტს წარმოადგენს, „რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს“.

მისივე თქმით, საპარალმენტო უმრავლესობა მანდატებს, მათივე განცხადების საფუძველზე, ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს, რომელიც „არ ან ვერ შეეწინააღმდეგება ოპოზიციის რადიკალი ლიდერების ამბოხის სცენარს და პარლამენტს წარუდგენს შესაბამის განცხადებას“. ამასთან, ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს ვერ მიიღებენ.

კობახიძის თქმით, ქართული ოცნება ახალი პარლამენტის პირველივე სხდომაზე 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ინიციატივით გამოვა, რომლის მუშაობაშიც ყველა დაინტერესებული სუბიექტი ჩაერთვება.

„თუ დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი, გადახრაც კი ქართული ოცნების სასარგებლოდ, ქართული ოცნება გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. [ამასთან], როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, – ხაზი გაუსვა კობახიძემ.

სიტყვის დასასრულს, ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა „ფართომასშტაბიანი“ საარჩევნო რეფორმის გატარების პირობაც დადო.

ქართული ოცნება და ოპოზიციური პარტიები არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის მიზნით, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებებს მას შემდეგ მართავენ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ ცნეს და ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ოთხრაუნდიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, მხარეები კიდევ ერთხელ 10 დეკემბერს, ახალი პარლამენტის შეკრებამდე ერთი დღით ადრე შეხვდებიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)