31 ოქტომბერს არჩეული მე-10 მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, 11 დეკემბერს პირველად შეიკრიბა.
ოპოზიციის გადაწყვეტილების შედეგად, 150 წევრიან პარლამენტში პირველ სხდომაზე ქართული ოცნება მარტო დარჩა. დღევანდელ სხდომას პარტიის 90 დეპუტატიდან 88 ესწრება. მედიის ცნობით, ორი მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სესია პარლამენტის უხუცესმა დეპუტატმა ლადო კახაძემ გახსნა. ასაკის გათვალისწინებით, ეს ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველ ნომერს ბუბა კიკაბიძეს უნდა გაეკეთებინა, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გამო იგი სესიას არ ესწრებოდა.
ამის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ახლადარჩეულ პარლამენტს და მის დროებითი ხმის დამთვლელ და დროებით სამანდატო კომისიებს არჩევნების შედეგები წარუდგინა. პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილება ცნო. დღევანდელ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეებსაც აირჩევენ.
პარალელურად, რუსთაველზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებელმა, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ საპარალამენტო მანდატების შეწყვეტისა და საპარლამენტო სიების განულების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ცერემონიალს გირჩის, მოქალაქეებისა და პატრიოტთა ალიანსის ლიდერები არ ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, პარლამენტში შესვლაზე ისინიც უარს ამბობენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ნიკა მელიამ, რომელიც უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე, თქვა, რომ „ეს არის ისტორიული დღე, როდესაც ყველამ უარი უთხრა ძალაუფლების მიმტაცებელს [ბიძინა ივანიშვილს] გარიგებაზე“.
პირველი სხდომის დაწყებამდე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ერთპარტიული პარლამენტის შეკრებისთვის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ე.წ. სირცხვილის კორიდორები მოუწყვეს.
მანამდე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ქართული ოცნების დეპუტატმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ პარლამენტში მხოლოდ ქართული ოცნების დარჩენა „ტრაგედია“ არ არის.
ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ იმისათვის, რომ პარლამენტის „ნორმალური ფუნქციონირება“ უზრუნველყოს და ოპოზიციის ბოიკოტმა ქვეყანას პრობლემები არ შეუქმნას. „ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტი იმუშავებს გამართულად, მაგრამ მე ვიტოვებ იმედს, რომ [ოპოზიციის წევრები] იფიქრებენ რაციონალურად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ ვიხილავთ [მათ] პარლამენტში“, – ხაზი გაუსვა მდინარაძემ.
„დავიღალეთ!“ – პრეზიდენტის მიმართვა
ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა, „დავიღალეთ!“, – თქვა მან და „დეპოლარიზაციის, სოლიდარობისა და ერთიანობის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„იდეოლოგიების დრო დასრულდა: კომუნიზმი დასრულდა, ულტრალიბერალიზმმაც ვერ გაამართლა, ურაპატრიოტიზმი რეალური ეროვნული შემართების საპირისპიროა. ფანატიზმი შლის საზოგადოებას და ანგრევს პიროვნებას“, – თქვა პრეზიდენტმა.
„ერთგვარი კოლონიალური კომპლექსი, რომელიც დამოუკიდებლობის სრულფასოვან აღქმას აბრკოლებს; ნაკლებად გვჯერა საკუთარი თავის, საკუთარი წიაღიდან წამოსული სიტყვისა და აზრის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა და დაამატა – „ეს გვართმევს თვითდაჯერებულობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია გვქონდეს საკუთარ თავის რწმენა და ეფექტურად ვმართოთ ქვეყანა. ეს ჩვენი სისუსტეა, რომელიც გვაიძულებს, მაგალითად, მუდმივად ვამტკიცოთ ჩვენი ევროპელობა მაშინ, როცა ევროპელობა ჩვენი ისტორიისა და კულტურის არსია“.
მიმდინარე მოლაპარაკებები
8 ოპოზიციური პარტია, რომელმაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ისინი ახალი არჩევნების დანიშვნას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ჩიხის განსამუხტად, საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგი დაიწყო. ოთხრაუნდიანი მოლაპარაკებების დროს მხარეებმა საარჩევნო რეფორმასთან მიმართებით, პოზიციების დაახლოება შეძლეს, თუმცა ოპოზიციის განმცხადებით, მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ სადავო რჩება.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი გუშინ, 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ის ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის 9 დეკემბრის ბრიფინგის შემდეგ გადაიდო. ოპოზიციაში კობახიძის განცხადებები მუქარად და შანტაჟად შეაფასეს.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
- „ოცნება“ მე-5 რაუნდამდე „რადიკალურ“ ოპოზიციას აკრიტიკებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
- ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)