საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობა 11 დეკემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ „ყველა [პოლიტიკურ] მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს თავისი სრულყოფილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი“.
„ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლადარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა“, – აცხადებენ ისინი.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა ხაზს უსვამენ, რომ „მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს“.
დიპლომატიური მისიები იმედოვნებენ, რომ „მხარეები შეძლებენ მკვეთრად განსხვავებული პოზიციების შეჯერებას“. „პარტიების თხოვნის საფუძველზე და შეთანხმების მიღწევის ჭეშმარიტი პოლიტიკური სურვილის არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ ძალისხმევის მხარდაჭერა“, – დასძენენ ისინი.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი გუშინ, 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ის ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის 9 დეკემბრის ბრიფინგის შემდეგ გადაიდო. ოპოზიციაში კობახიძის განცხადებები მუქარად და შანტაჟად შეაფასეს.
„ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება ახალ პარლამენტში კანონპროექტს წარმოადგენს, „რომლის საფუძველზეც, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს“. ამით მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობასა და მის ლიდერზე და ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე მიუთითა. მანვე აღნიშნა, რომ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, სახელმწიფო დაფინანსებასა და სხვა პრივილეგიებს ვერ მიიღებენ.
დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიხსნა, მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან. პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დღეს საპარალამენტო მანდატებზე უარისა და საპარლამენტო სიების განულების შესახებ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)