Site icon Civil.ge

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებაზე საუბრობს 

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„სულ უფრო მეტი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ქვეყანაში გადაწვეტილებების მიღებაზე არსებობს მონოპოლია და რომ ეს მონოპოლია ერთი ადამიანის ხელშია, რომელსაც ხშირად „ოლიგარქად“ მოიხსენიებენ“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ მიერ 11 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის თანახმადაც, საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები ხელისუფლების სამივე შტოში შეინიშნება.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქართული ოცნების თითქმის ტოტალური კონტროლი ხელისუფლების ყველა შტოსა და დონეზე, თავისთავად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა დემოკრატიული მმართველობისთვის და დასძენს, რომ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ მმართველი პარტია „მისი ლიდერის პირადი მიზნების განხორციელების საშუალებაა“.

ანგარიშის თანახმად, „ასევე შეიმჩნევა ფარულ გარიგებებზე დაფუძნებული ჯგუფების არსებობა, რომელთა მიზანია მმართველი პარტიის ძალაუფლების განმტკიცება ხელისუფლების ყველა შტოში და ამგვარად მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუციებიდან სხვადასხვა სახის პირადი სარგებლის მიღება“.

ორგანიზაციის თქმით, „განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ როგორც საკანონმდებლო, ისე სასამართლო ხელისუფლებას აღნიშნული ჯგუფები აკონტროლებენ, რის გამოც შეუძლებელი ხდება ძალაუფლების შეკავებისა და გაწონასწორების გამართული, დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუციები“ გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციისთვის, ამომრჩევლის მასშტაბური მოსყიდვისთვის, პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, ბიზნესსექტორზე კონტროლის დამყარებისა და იმ ბიზნესმენების დევნისთვის, რომლებიც თამაშის წესებს არ თანხმდებიან, ასევე კრიტიკულად განწყობილი მედიის შევიწროებისა და მაღალი თანამდებობის პირთა დაუსჯელობის უზრუნველყოფისთვის.

იმის საილუსტრაციოდ, რომ სამართალდამცველი ორგანოები და სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენება „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ რიგ სასამართლო საქმეებს ასახელებს, მათ შორისა – ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“, „თიბისი ბანკის“ საქმე, „ომეგა ჯგუფის“ საქმე, ასევე „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიასა და „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

„საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო“ აცხადებს, რომ „არსებობდა მოლოდინი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა ძლიერი ოპოზიციით დაკომპლექტებული პარლამენტის შექმნა. ამის ნაცვლად, 2020 წლის არჩევნები 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო“.

„როგორც არ უნდა დასრულდეს 2020 წლის არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კრიზისი, ერთი რამ ცხადია – სანამ ძალაუფლების არაფორმალური სტრუქტურები არ მოიშლება და ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკა არ ამოქმედდება, საქართველო ვერ შეძლებს ეკონომიკური თუ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით მისი სრული პოტენციალის რეალიზებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)