Site icon Civil.ge

„სამართლიანმა არჩევნებმა“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა

საარჩევნო უბანი, 31 ოქტომბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 11 დეკემბერს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორიციული ნაწილის ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების მაჩვენებელი თავდაპირველთან შედარებით, 45.8%-დან 47.6%-მდე გაიზარდა.

თავდაპირველად, ხმების პარალელურმა დათვლამ მმართველი პარტიის მონაცემებში ცესკოს შედეგებთან შედარებით, ყველაზე მაღალი – 3%-იანი სხვაობა აჩვენა, დაზუსტებული მონაცემებით კი – ცდომილება 0.62%-მდე შემცირდა.

ორგანიზაციის განმარტებით, შიდა აუდიტმა, ხმების პირველადი პარალელური დათვლის დროს გარკვეული ხარვეზები გამოკვეთა. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენებიც, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული პროცენტები „უმნიშვნელოდ“ შეცვალა.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ცვლილება „გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე“.

ქვემოთ ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებია მოცემული:

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გაიმეორა, რომ საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში დისბალანსი აღმოჩნდა და რომ ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლებში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად მიიჩნევს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ოპოზციის მიერ პარალელური დათვლის პირველადი შედეგების „უხეშ მანიპულაციაზე“ ისაუბრა, რაც „სამართლიან არჩევნებში“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანად და ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)