Site icon Civil.ge

სასამართლომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის ძმას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

წყარო: კადრი შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის, ბადრი ესებუას ძმას – ბიძინა ესებუას რომელიც სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 14 დეკემბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შსს-მ ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს დააკავა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მისი ავტომანქანის ჩხრეკისას 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი ამოიღეს.

უწყების ცნობით, დაკავებულზე თვალთვალი მიმდინარეობდა, რადგანაც „არსებობდა ვარაუდი“, რომ მას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის სხვადასხვა ნივთი უნდა გადაეცა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ესებუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ავტომობილში ხელყუმბარა და საბრძოლო მასალა პოლიციელებმა ჩაუდეს. დაკავებულის მამამამ მედიასთან საუბარში ასევე თქვა, მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა არ ჰქონია. მისივე თქმით დაკავებულს კონტაქტი არც მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 იანვარს გაიმართება. დაცვის მხარე სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში 21 ოქტომბერს შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა, მათგან 19 დაახლოებით 8 საათის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, იგი 500 000 აშშ დოლარსა და უსაფრთხო დერეფანს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, ესებუამ ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიიმალა. პოლიცია მას ამ დრომდე ეძებს. ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)