Site icon Civil.ge

„პარალური დათვლის“ შედეგებს ირაკლი კობახიძისა და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის დაპირისპირება მოჰყვა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფოტო: facebook.com/KobakhidzeOfficial/

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისისა და 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო „ბოდიში მმართველმა პარტიამ და საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა მოიხადონ“, რამდენადაც მათ არჩევნებთან მიმართებით არსებულ ბევრ კითხვებზე პასუხის გაცემა ვერ შეძლეს.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის პასუხი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ „ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის“.

კობახიძემ „სამართლიანი არჩევნები“ პარალელური დათვლის დაზუსტებული მონაცემების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ორი არასწორი ინფორმაციის „შეტანის“ გამოც გააკრიტიკა, რომელთა თანახმადაც, შესწორება მანდატების განაწილებაზე გავლენას არ ახდენს და საარჩევნო უბნების 8%-ზე დისბალანსი დაფიქსირდა.

კობახიძის თქმით, პარალელური დათვლის პირველადი მონაცემების მიხედვით, ქართულ ოცნებას ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან იმ უბნების ჩამონათვალის წარმოდგენა მოითხოვა, რომლებზეც „ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა“.

საპასუხოდ, ელენე ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ შესაბამისი ოქმების მოძიება ცესკოს ვებგვერდზეა შესაძლებელი და ორგანიზაციას, „ცალკე, დამატებითი ოქმები“ არ ჰქონია.

ირაკლი კობახიძე განცხადების იმ ნაწილისთვის, სადაც მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს მონაცემებთან თანხვედრის გამო ხმების პარალალური დათვლის შედეგების დამალვაში დაადანაშაულა, ამავე ორგანიზაციის დირექტორმა ეკა გიგაურმაც გააკრიტიკა.

გიგაურმა აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლა არ ჩაუტარებია. მან კობახიძე სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ შეცდომა აღიარა და აღნიშნა, რომ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო გიგაურისაგან ორგანიზაციის საარჩევნო მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ. იგი ორგანიზაციის ღიაობას მიესალმა და გიგაურს ინფორმაციისათვის მადლობაც გადაუხადა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორიციული ნაწილის ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები 11 დეკემბერს გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნების მაჩვენებელი თავდაპირველთან შედარებით, 45.8%-დან 47.6%-მდე გაიზარდა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში დისბალანსი აღმოჩნდა.

თუმცა, ხმების პარალელური დათვლის შედეგების გარშემო უთანხმოება დაზუსტებული მონაცემების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ოპოზიცია „სამართლიანი არჩევნების“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებით მანიპულირებაში დაადანაშაულა. მაშინ „სამართლიან არჩევნებში“ კობახიძის ეს განცხადება ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)