ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, პარტიაში ყველა დაკავებულ თანამდებობას ტოვებს და პარტიიდანაც გადის.
Facebook-ის საკუთარ გვერდზე 15 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვაშაძე განმარტავს, რომ არის ფაქტები, რომლებსაც იგი „კატეგორიულად“ ვერ შეეგუება. მისი თქმით, იგი არ ეთანხმება „პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას“. მისთვის „კიდევ უფრო მიუღებელი პარტიული სტრატეგიის არარსებობაა“.
„ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – წერს იგი.
ვაშაძე განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავს „სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის“ გამოც, რომელიც მისივე თქმით, „უდიდეს ზიანს“ აყენებს საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.
„იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგით, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას“, – აცხადებს იგი.
ვაშაძის განცხადებას წინ დასავლელი დიპლომატების, მათ შორის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების მიმართ კრიტიკული განცხადებები უძღოდა. მაგალითად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების – კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მისამართით ბრალდებები გააჟღერა. ვაშაძის განცხადებამდე ერთი დღით ადრე კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში გააკრიტიკა.
გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას ოპოზციისა და მმართველი გუნდის შეფასებები მოჰყვა. „ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ მას“, – თქვა ვაშაძის ერთ-ერთმა თანაპარტიელმა სალომე სამადაშვილმა. პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ კი – გრიგოლ ვაშაძე თანამდებობიდან პარტიის წევრებთან კომუნიკაციის გარეშე წასვლის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ „გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ“.
თანამდებობიდან ვაშაძის წასვლას ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ პოლიტიკური პროცესები „ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება“. მისივე თქმით, ე.წ. „ოდიოზური ფიგურები“ დღეს „ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს შლიან“.
დასავლელი პარტნიორების კრიტიკა რომ სწორი არ არის, ამაში გრიგოლ ვაშაძეს გირჩის ერთ-ერთ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც დაეთანხმა, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე „შიდაპარტიულ“ პროცესებზე დამატებითი განმარტება აღარ ისურვა. პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის შეფასებით კი, ვაშაძის დღევანდელი განცხადება იმის დასტურია, რომ „სხვადასხვა პარტიაში სხვადასხვა ადამიანებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები, იმ ტაქტიკასთან დაკავშირებით, რითაც ოპოზიცია მოქმედებს დღეს“.
პარტიისგან განსხვავებული პოზიცია გრიგოლ ვაშაძემ პირველად 10 ნოემბერს მას შემდეგ გამოხატა, რაც იმ ოპოზიციურმა პარტებმა, რომლებმაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს და საპროტესტო აქციები გამართეს. ვაშაძემ მაშინ ასევე წერილობითი განცხადება გაავრცელა და პოლიტიკური პროცესების მოლაპარაკების მაგიდასთან გადატანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ვაშაძის ამ განცხადებას ორ დღეში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით დიალოგის დაწყება მოჰყვა.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ენმ-ძალა ერთობაშიას სახელით მონაწილეობდა, სადაც ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან მეორე ტურში დამარცხდა. მან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი 2019 წლის მარტში დაიკავა. იგი, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ 31 ოქტომბრის საპარალამენტო არჩევნებში ხმების 27.18% და 36 მანდატი მიიღო. პარტია მანდატებზე უარს ამბობს და ახალ პარლამენტში შესვლას არ გეგმავს.
ასევე წაიკითხეთ:
- მე-10 მოწვევის პარლამენტი ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე შეიკრიბა
- ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი გაიმართა
- გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ოპოზიციაში დაბნეულობა მოჰყვა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)