თბილისის მერია და დედაქალაქის მერი კახა კალაძე 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე არსებული „უკანონო“ ნაგებობების დანგრევის გამო მწვავედ გააკრიტიკეს.
ადამიანები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ნაგებობები მათი იყო, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მხარდაჭერით, ნგრევის პროცესს შეეწინააღმდეგნენ. რამდენიმე პირმა, მათ შორის, ორსულმა ქალმა, დაზიანებები მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სულ ცოტა 8 პირი დააკავეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა ქალაქის მთავრობა „არაჰუმანური“ ქმედების გამო გააკრიტიკეს, რომელმაც, მათი თქმით, დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებს ზამთრისა და პანდემიის დროს საცხოვრებელი წაართვა.
ერთ-ერთი მოსახლე, რომლის სახლიც, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაანგრიეს, თვითმკვლელობით დაიმუქრა. „ავადმყოფი ვარ… მე თავს მოვიკლავ, ოთხი შვილის საცოდაობას ვერ ვუყურებ, არსად მაქვს ღამის გასათევი“, – განაცხადა მან.
სხვა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ სახლების 90% გაუფორმებელია. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც კი აღნიშნა, რომ მას მერიაში ფართის დაკანონების შესახებ განაცხადი აქვს შეტანილი, რომელიც კომისიის დასკვნას ელოდება.
ადგილობრივების თქმით, სამგორის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, რომელიც აფრიკის დასახლებასაც მოიცავს, მათ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკუთრების დაკანონების პროცედურებში დახმარებას დაჰპირდა და უთხრა, რომ „იცხოვრებდა მათთან ერთად იმისათვის, რომ მათი პრობლემები მოეგვარებინა“.
საპასუხოდ, სავარაუდო დაპირებებზე საუბრისას, სუბარმა განაცხადა, რომ იგი ადგილობრივებს ფართის დაკანონებას დაჰპირდა, მხოლოდ იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა და დაამატა, რომ ისეთ დაპირებებს ვერ გასცემდა, რომლებიც კანონის ფარგლებს სცდება.
თბილისის მერმა კახა კალაძე კრიტიკას სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე უპასუხა და განაცხადა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ 12 „უკანონო“ ნაგებობის დანგრევა მხოლოდ რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ გადაწყვიტა.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი არ არის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა წახალისებული ვერ და არ იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანები, რომელთაც დანგრეულ შენობებზე ჰქონათ პრეტენზიები, უძრავ ქონებას რეგიონებში ფლობენ. „გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ“, – განაცხადა მან.
კალაძემ უარყო ოპოზიციის ბრალდებები, რომ მერიის მიერ დანგრეული შენობები დასრულებული იყო და იქ ადამიანები ცხოვრობდნენ და აღნიშნა, რომ არცერთი ეს შენობა დასრულებული არ იყო. კალაძის თქმით, მერია ახორციელებს პროგრამას, რომელიც საცხოვრებლის არმქონე მოქალაქეებს ბინის ქირას უხდის.
აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არარსებობა და აღნიშნულ პირთა შესახებ ზუსტი სტატისტიკის არქონა სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს. მისი თქმით, ასევე გამოწვევაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მართალია შენობა-ნაგებობები უნებართვოდ აშენდა, დაუშვებელია, დემონტაჟის პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. მისი თქმით, „ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება, პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც“. ლომჯარიამ ასევე განაცხადა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა რისკი უნდა შეაფასოს და საჭიროების შემთხვევაში, დაზარალებულებს მხარდაჭერის ზომები შესთავაზოს.
15 დეკემბერს, საღამოს, ცალკე აქცია გაიმართა თბილისის მერიასთან, სადაც აფრიკაში სახლების დემონტაჟის პროცესი გააპროტესტეს. აქტივისტებმა მომდევნო დღეებში აქციების გაგრძელების პირობა დადეს იმ პირთა მხარდასაჭერად, რომელთაც სახლების დაკარგვა ემუქრებათ.
აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი იმ ფონზე მოხდა, როდესაც მთავრობის მიერ დაწესებულმა მკარცმა შეზღუდვებმა ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. საქართველოს მთავრობამ პანდემიის დროს გამოსახლებებზე დროებითი მორატორიუმი დააწესა, თუმცა ეს წესი უნებართვო შენობებსა და მათ მცხოვრებლებზე არ ვრცელდება.
თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას დედაქალაქში უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობების დროული დემონტაჟი 25 ნოემბერს მერიაში გამართულ სხდომაზე დაავალა. კალაძემ მაშინ განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესში თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას შინაგან საქმეთა სამინისტროც დაეხმარება იმისათვის, რომ დედაქალაქში „ეს უმსგავსობა დავამთავროთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)