Site icon Civil.ge

ზალკალიანი ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა 

გაბრიელიუს ლანდსბერგისი (წყარო: ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო) და ედგარს რინკევიჩსი (წყარო: ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზალკალიანი თავის ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებს – ედგარს რინკევიჩსსა და გაბრიელიუს ლანდსბერგისს 16 დეკემბერს ტელეფონით ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზალკალიანმა და რინკევიჩსმა ორმხრივ ურთიერთობებზე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე, კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე, მათ შორის, მოახლოებულ სამიტზე იმსჯელეს.

„ლატვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია“, – დაწერა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას, ზალკალიანმა ლანდსბერგისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ზალკალიანის თქმით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, ასევე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევისა და საქართველოს პარლამენტის სრულფასოვნად ფუნქციონირების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ „საარჩევნო პროცესის ნაკლოვანობების მოგვარება და ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელება საქართველოში დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია“.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)