Site icon Civil.ge

არასამთავრობოები ოპოზიციის წინააღმდეგ „ოცნების“ მიერ ინიცირებულ „სანქციებს“ გმობენ 

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, 1 ნოემბერი, 2020, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

თხუთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის,  „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“  და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 17 დეკემბერს „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების ინიციატივაზე, რომელიც „არსობრივად მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მანამდე გამართულ ბრიფინგზე პარტიის მიერ გუშინ პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას ან შეჩერებას ითვალისწინებს. კობახიძის თქმით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, იგივე პარტიები უფასო საეთერო დროითაც ვეღარ ისარგებლებენ. მან ირიბად ისიც მიანიშნა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, შესაძლოა, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდეს.

არასამავრობოების თქმით, „განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართული ოცნების „რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით – იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი“.

„მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში“, – აცხადებენ უფლებადამცველები.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეულმა ახალმა პარლამენტმა პირველი სხდომა 11 დეკემბერს გამართა და მას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები დაესწრნენ. რვავე ოპოზიციური პარტია/ბლოკი არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადებს.

საარჩევნო ბლოკმა ენმ-ძალა ერთობაშიამ, ასევე პარტიებმა – ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ტრატეგია აღმაშენებელმა და ლეიბორისტულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიების განულების შესახებ განცხადებებით უკვე მიმართეს. მათმა ნაწილმა პარლამენტში სადეპუტატი მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებაც დაწერა. პატრიოტთა ალიანსს, მოქალაქეებს და გირჩს ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავთ. საპარლამენტო სხდომებს არც ისინი ესწრებიან. მათგან ბოლო ორი, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ბოიკოტს შეწყვეტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)