იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გოჩა ლორთქიფანიძე პირველი კანდიდატია საქართველოდან, რომელიც 18 დეკემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მოსამართლედ აირჩიეს.
56 წლის ლორთქიფანიძე 18-წევრიან სასამართლოში 9 წლის ვადით წევრი სახელმწიფოების მე-19 ასამბლეამ აირჩია. საქართველომ ამ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი მარტის ბოლოს წარადგინა.
ინფორმაციის გავრცელებამდე ლორთქიფანიძე გუშინ ახალ კაბინეტში იუსტიციის მინისტრად დასახელდა.
ICC-ის ახლადარჩეულ მოსამართლეს 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ოქტომბრიდან კი – მას შემდეგ, რაც ამავე უწყების მინისტრმა, თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო დატოვა, იგი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
ლორთქიფანიძე სამართლის განხრით თსუ-ის, ესექსისა და ჰარვადრის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 2005-2009 წლებში იგი საერთაშორისო სამართლისა და საგარეო საქმეთა საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო.
ლორთქიფანიძესთან ერთად ICC-ის მოსამართლედ ბრიტანელი ჯოანა კორნერიც აირჩიეს. დანარჩენი ოთხი ვაკანტური ადგილი, სავარაუდოდ, 21 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნების შედეგად შეივსება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)