Site icon Civil.ge

დეკემბერი, 1920: საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ პრესაში ცრუ ინფორმაცია ქვეყნდება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა, 1920 წელი. რუკა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 23 დეკემბერი, N292

საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კომპანია ევროპის პრესაში

შუა ნოემბერში ევროპის მთელ პრესაში გავრცელდა ერთ-მეორეზე უფრო სენსაციური ცნობები საქართველოს მდგომარეობის შესახებ: ჯერ ცნობა საქართველოს მთავრობის მიერ ბალშევიკებისაგან ულტიმატუმის მიღების შესახებ, შემდეგ ცნობა ბათუმში ქემალ ფაშის ჯარების შესვლის შესახებ, შემდეგ-ცნობა ქემალის ულტიმატუმის შესახებ, ცნობა საქართველოში ოსმალებისა და ბალშევიკების ერთ და იმავე დროს შეჭრის შესახებ და დასასრულ, როგორც შედეგი ყველა ამისა-ცნობა, რომ საქართველოს რესპუბლიკა აღარ არსებობსო. ამ ცნობების უმეტესობა მოდიოდა კონსტანტინეპოლიდან. რეაქციონური პრესა, რომელიც ვრანგელს უჭერს მხარს, ცდილობდა გაევრცელებია ეს ხმები და ამასთანავე ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ „საქართველოს დაღუპვა“ არის შემდეგი მისი ყირიმის გენერალთან მტრული დამოკიდებულებისაო. და რომ „საფრანგეთის პოლიტიკის ყირიმში“ დამარცხებასთან ერთად დამარცხდა ინგლისის პოლიტიკა ამიერ-კავკასიაში. ამ კომპანიას ისე მოხერხებულად აწარმოებდნენ, რომ ევროპაში მყოფმა საქართველოს რესპუბლიკის მეგობრებმაც კი დაუჯერეს ხმებს, და ჩვენთან მეგობრულათ განწყობილ პრესაში დაიბეჭდა შენიშვნები და წერილები იმის შესახებ, თუ როგორი დანაშაულება ჩაიდინეს სახელმწიფოებმა, რომლებმაც საქართველოს მოსპობა დაუშვეს.

საქართველოს რესპუბლიკის საზღვარ გარეთ მყოფ წარმომადგენლების ენერგიულმა გამოსვლებმა მოუღეს ბოლო ასეთი ხმების გავრცელებას და დაანახვეს საზოგადოებას იმ პოლიტიკური წრეების ტაქტიკა, რომლებიც ასეთი გამოსვლებით ცდილობდენ ჩაეფუშათ საქართველოს საკითხი ჟენევაში შემდგარ ერთა ლიგის ყრილობაზე.

გენერალი პეტრე ვრანგელი (1878 – 1928) რუსეთის სამოქალაქო ომის დროს თეთრების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. — რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა.