Site icon Civil.ge

თეა ახვლედიანი აფხაზებთან და ოსებთან „არაფორმალურ“ დიალოგზე საუბრობს 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მოსმენა ვიდეო ფორმატში, 22 დეკემბერი, 2020, ფოტო: მინისტრის აპარატის Facebook-ის გვერდიდან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, თეა ახვლედიანი 22 დეკემბერს საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგა და სხვა საკითხებთან ერთად, სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგზეც ისაუბრა.

„ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმისა და თანამშრომლობის გაფართოებისთვის“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ეს უნდა გაკეთდეს „დეპოლიტიზებული მიდგომებითა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის“.

აღნიშნა რა, რომ მხარეებს დიალოგი ფაქტიურად არასდროს შეუწყვეტიათ, მათ შორის, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ „ჩვენ დაგვიგროვდა რიგ სფეროებსა და კონკრეტულ საკითხებზე ამგვარი დიალოგის გზით თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება“.

მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესი გაგრძელდება, კომუნიკაციის ყველა არაფორმალური არხი გაძლიერდება და ეფექტურად იქნება გამოყენებული საერთო ინტერესის მქონე საკითხების მოსაგვარებლად.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ დიალოგის ფორმატში ჩაერთოს საზოგადოების შეძლებისდაგვარად ყველა რგოლი“, – დასძინა ახვლედიანმა.

სოხუმის პასუხი

ახვლედიანის განცხადებების საპასუხოდ, ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სიტყვები ადასტურებს, რომ აფხაზეთთან მიმართებით თბილისის მიდგომები „უცვლელია“.

ამავე განცხადებით, თბილისი აფხაზეთს „თემად“, „დე ფაქტო რეჟიმად“, „ოკუპირებულ ტერიტორიად“ და ა.შ. აღიქვამს, რაც სახელმწიფო მინისტრის ხედვით, მხოლოდ არაფორმალური დიალოგის შესაძლებლობას ტოვებს. „აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსთან ასეთი სახის დიალოგს არ განიხილვს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რეგიონის „საგარეო უწყებისვე“ განმარტებით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებებზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „თბილისი აფხაზეთის რესპუბლიკასთან მიმართებით საკუთარ კურსს რადიკალურად გადახედავს“, დაეთანმხმება დოკუმენტს აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში და უარს იტყვის აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკაზე.

ახვლედიანის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ თბილისთან დიალოგის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. თუმცა, აფხაზი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან რეგიონის „საგარეო პოლიტიკის შესახებ კონცეფციის“ იმ პუნქტებს, რომლებიც თბილისთან დიალოგსა და ურთიერთობების ნორმალიზებას ეხება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)