„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 24 დეკემბერს შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს აღსრულებითი, სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენებას ეხება. ანგარიში 1 ივლისიდან 22 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს.
არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობრივ ინციდენტენტებზე საუბრისას, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ 20 ოქტომბრის მდგომარეობით, გამოძიება 59 საქმეზე იყო დაწყებული, 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. „20 ოქტომბრის შემდეგ განახლებული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებია“, – ნათქვამია ანგარიშში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ასევე აღნიშნა, რომ „პრობლემური იყო 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველების მიერ სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის თავდაპირველი გამოყენების ფაქტი, რომლის დროსაც, რამდენიმე პირი დაზიანდა“.
აღნიშნა რა, რომ საუბნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში არსებულმა დისბალანსმა არჩევნების გაყალბების შესახებ ეჭვები აღძრა, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „სხვადასხვა სუბიექტის მიერ წარდგენილი საჩივრებისა და სარჩელების აბსოლუტური უმრავლესობა ან განუხილველი დარჩა და არ იქნა დაკმაყოფილებული“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პროკურატურა ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობისთვის გამოიყენეს. ორგანიზაციის თქმით, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და „მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები“ აჩენს ეჭვს, რომ ე.წ „კარტოგრაფების საქმის“ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება.
„ასევე, წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების მონაწილეობით. ჩანაწერების გავრცელების მიზანი, როგორც ჩანს, აღნიშნული პირების დისკრედიტაცია იყო. ამჯერადაც გაჩნდა ლეგიტიმური ეჭვი, რომ აღნიშნული ჩანაწერები ქართულმა სპეციალურმა სამსახურებმა შექმნეს და უცხოური ვებგვერდების მეშვეობით გაავრცელეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობაში 2020 წელს შეტანილი ცვლილებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ძირითადად დადებითად შეაფასა. თუმცა, იქვე ნათქვამია, რომ „საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ დარჩა რამდენიმე ისეთი ძირითადი პრობლემა, რომელიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და რომელთა გამოსწორების პოლიტიკური ნება ხელისუფლებამ არ აჩვენა“. ასეთ საკითხებს შორის ორგანიზაციამ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არასამართლიანი წესი და პროფესიული ნიშნით კომისიის წევრების შერჩევის არასათანადო პროცედურა დაასახელა.
ორგანიზაციის განცხადებით, „საანგარიშო პერიოდში, ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის რამდენიმე სახეობის გამოყენების ტენდენცია დაფიქსირდა“, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების აგიტაციაში გამოყენება, საჯარო მოსამსახურეთა მობილიზება და უკანონო აგიტაცია.
აღნიშნა რა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ „20-მდე სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივა“ წარადგინა, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ ინიციატივებს შორის იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც „ცალსახად საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯების კატეგორიაში შეგვიძლია გავიყვანოთ“.
ასევე წაიკითხეთ:
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქვეყანაში 2016-2020 წლების კორუფციულ გარემოს აფასებს
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2016-2020 წლებში ქვეყანაში სასამართლო სისტემის მდგომარეობაზე
- TI საქართველო „ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატთა სამეწარმეო საქმიანობასა და შემოწირულებებზე
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და შემოწირულებებზე
- „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ენმ-ძალა ერთობაშიას კანდიდატების შემოწირულებებსა და ბიზნესსაქმიანობაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)