გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 29 დეკემბერი, N296
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბიუროსაგან
საგარეო საქმეთა მინისტრის ნოტა ბ-ნ შეინმანს
(საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკემბრის 24-ს შემდეგის ნოტით მიმართა რუსეთის ს. ფ. ს. რ. სრულუფლებიან წარმომადგენელს ტფილისში ბ-ნ შეინმანს). პირი ამ ნოტისა დეპეშით გაეგზავნა საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენელს მოსკოვში [გერასიმე მახარაძეს]).
მოსკოვის 7 მაისის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის ძალით რუსეთმა იკისრა ვალდებულება ეცნო საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში სხვა ადგილთა შორის აგრეთვე ზაქათალის ოლქიც.
ამ ხელშეკრულების 12 მაისი დამატებითი შეთანხმების 1 და 2 მუხლისა და 12 ივნისს აქსტაფის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებზე, აგრეთვე ზაქათალის ოლქშიაც, სადაო ადგილთა საკითხი, უნდა გადაიჭრას ცალკე შერეული კომისიის მიერ, ხოლო ვიდრე ეს კომისია ამ საკითხს გადასწყვეტდეს ორივე მხარემ მიიღო საურთიერთო მოვალეობა არ გააძლიეროს ამ ოლქში თავისი სამხედრო ნაწილები ახალი რაზმების შეყვანით.
მიუხედავათ ამისა ჩვენის ცნობით ზაქათალის ოლქის საზღვრებში, ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებათა აშკარა დარღვევით, გრძელდება გაძლიერებული დაგროვება და კონცენტრაცია საბჭოთა ჯარების და ამავე დროს იმავე ოლქის სოფელ ბელაკანის რაიონში სწარმოებს ტოპოგრაფიული ზომვა.
კიდევ მეტი, ოლქის მცხოვრებთ წამოუყენეს მოთხოვნილება პირველ იანვრისათვის წარმოადგინონ დიდძალი სანოვაგე, საქონელი და საქონლის საკვები მასალა.
ყველა ეს ცნობა ძირითადად განსხვავდება თქვენ მიერ რ. ს. ფ. ს. რ. მთავრობის სახელით მრავალჯერ განცხადებულ რწმუნებისაგან, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი მთავრობა მოისწრაფვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობის განმტკიცებისაკენ და რომ საქართველოს საზღვრებთან სამხედრო ძალის თავმოყრისა და კონცენტრაციის შესახებ ყველა ცნობა საფუძველს მოკლებულია.
ამის გამო, ვაცხადებ რა გადაჭრი პროტესტს ზემო აღნიშნულ ხელშეკრულებათა ასეთი დარღვევისა და იმ ზომების წინააღმდეგ, რომელნიც ძირს უთხრიან ადგილობრივ მცხოვრებთა ქონებრივ მდგომარეობას, ვინაიდან მათი არსებობის ერთად ერთ წყაროს წარმოადგენს საქონელი და ჭირნახული, ჩემის მთავრობის დავალებით მოვითხოვ აღნიშნულ ღონისძიებათა დაუყოვნებლივ გაუქმებას და გთხოვთ სასწრაფოდ მაცნობოთ შედეგი ამ მომართვისა ჩემის მთავრობისათვის მოსახსენებლად. N11232.
მიიღეთ და სხვა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ კონსტანტინე საბახტარიშვილი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ნოტა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს ჰუსეინოვს
(საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკემბრის 24-ს აზერბეიჯანის ს. ს. რ. საგარეო საქმეთა სახალხო კომისარს ჰუსეინოვს მიმართა შემდეგის დეპეშით, რომლის პირი გაეგზავნა საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენელს ბაქოში [გაბრიელ ხუნდაძე] და აზერბეიჯანის სრულუფლებიან წარმომადგენელს საქართველოში).
ჩვენის ცნობით ზაქათალის ოლქის ფარგლებში, 12 ივნისის აქსტაფის ხელშეკრულების მეექვსე მუხლის აშკარა დარღვევით, გრძელდება გაძლიერებული დაგროვება და კონცენტრაცია საბჭოთა ჯარისა და ამავე დროს იმავე ოლქში სოფელ ბელაკნის რაიონში სწარმოებს ტოპოგრაფიული ზომვა.
კიდევ მეტი, ოლქის მცხოვრებთ წამოუყენეს მოთხოვნილება პირველ იანვრისათვის წარმოადგინონ დიდძალი სანოვაგე, საქონელი და საქონლის საკვები მასალა.
ყველა ეს ცნობა ძირითადად განსხვავდება თქვენ მიერ რ. ს. ფ. ს. რ. მთავრობის სახელით მრავალჯერ განცხადებულ რწმუნებისაგან, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი მთავრობა მოისწრაფვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობის განმტკიცებისაკენ და რომ საქართველოს საზღვრებთან სამხედრო ძალის თავმოყრისა და კონცენტრაციის შესახებ ყველა ცნობა საფუძველს მოკლებულია.
ამის გამო, ვაცხადებ რა გადაჭრი პროტესტს ზემო აღნიშნულ ხელშეკრულებათა ასეთი დარღვევისა და იმ ზომების წინააღმდეგ, რომელნიც ძირს უთხრიან ადგილობრივ მცხოვრებთა ქონებრივ მდგომარეობას, ვინაიდან მათი არსებობის ერთად ერთ წყაროს წარმოადგენს საქონელი და ჭირნახული, ჩემის მთავრობის დავალებით მოვითხოვ აღნიშნულ ღონისძიებათა დაუყოვნებლივ გაუქმებას და გთხოვთ სასწრაფოდ მაცნობოთ შედეგი ამ მომართვისა ჩემის მთავრობისათვის მოსახსენებლად. N11258.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ კონსტანტინე საბახტარიშვილი.