Site icon Civil.ge

დეკემებერი, 1920 – კონსტანტინე კანდელაკი: ევროპელ მრეწველებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ხელშეკრულებები გავაფორმეთ

კონსტანტინე კანდელაკი, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. თსუ ბიბლიოთეკა.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 28 დეკემბერი, N296

ფინანსთა მინისტრ კანდელაკის განცხადება

ევროპიდან ახლად დაბრუნებულმა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრმა საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბრის დროს საზღვარ გარეთ თავის მოგზაურობის შესახებ შემდეგი განაცხადა: მიუხედავათ იმისა, რომ ჩვენ არ მოველოდით, დელეგაციას დიდხანს მოუხდა ევროპაში დარჩენა, თუმცა პოლიტიკური პირობები, განსაკუთრებით მაისში, მოითხოვდა დელეგაციის სამშობლოში დაბრუნებას. ჩენ მოგვიხდა ანგარიშის გაწევა იმ მდგომარეობისათვის, რომ ევროპა ნაკლებათ იცნობდა საქართველოს ეკონომიურ მდგომარეობას, და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ევროპისათვის საქართველოს ეკონომიური მდგომარეობის გაცნობას.

დელეგაციას სურდა ეკონომიურ დამოკიდებულება დაემყარებია არა მარტო სავაჭრო დარგში, არამედ მოგვეწვია მცოდნე პირნი, ტეხნიკური გამოცდილება და კაპიტალი საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა დასამუშავებლად. ამის გამო ჩვენ მოგვიხდა მოლაპარაკების წარმოება არა მარტო მთავრობის წარმომადგენლებთან, არამედ სავაჭრო-სამრეწველო წრეებსა და კოოპერატიულ ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც. ყველა სახელმწიფოში, სადაც კი დელეგაციას მოუხდა ყოფნა, ყველგან დიდის პატივის ცემით გვხდებოდნენ. ყველაზე დიდხანს დელეგაციამ დაჰყო ინგლისში, რადგანაც ამ ჟამად ინგლისს შეუძლია ყველაზე მეტის მოცემა, ვიდრე ევროპის სხვა რომელიმე მხარეს, რომელიც თავის ენერგიას განადგურებულ ოლქების აღდგენას ანდომებს. ამ დარგში დიდ შედეგებზე მიაღწია საფრანგეთმა და განსაკუთრებით კი ბელგიამ.

ბუნებრივია, რომ იმ გვარ პირობებში თვით ევროპა აღმშენებლობითი მუშაობით არის გართული და ეკონომიურ კრიზის განიცდის, ძნელი იყო კაპიტალის მოწვევა და ტეხნიკურ ძალების საქმეში ჩაბმა. მაგრამ მე უნდა განვაცხად , რომ უფლება არ გვაქვს უსაყვედუროთ ჩვენ მიერ მიღწეულ შედეგებს… მაგალითად ინგლისში დავდეთ ორი დიდი ხელშეკრულება რომელთაგანაც ერთი შეეხება საქართველოს ეროვნული დაზღვევის ორგანიზაციას, საქართველოს ეროვნულ დაზღვევის აპარატისა და ინგლისის ერთ-ერთ მსხვილ დამზღვევ საზოგადოება „კომერ-შელ-იუნიონის“ შეთანხმებულ მუშაობით.

მეორე ხელშეკრულება შეეხება სესხის აღებას ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის ბანკიდან. სესხის რაოდენობა მილიონ-ნახევარ გირვანქა სტერლინგს უდრის. თანახმად პირობისა სესხი უნდა მოხმარდეს საწარმოო მიზნებს და ფულის ტრიალის გაუმჯობესების საქმეს. ეს ბანკი იქნება საქართველოს ფინანსიურ აგენტათ ლონდონში. საქართველოში ის გახსნის თავის ფილიალურ განყოფილებას.

საფრანგეთში ხელშეკრულება დავდევით ფრანგ მეაბრეშუმეთა სინდიკატთან. თანახმად ხელშეკრულებისა უდნა დაარსდეს ფრანგულ-ქართული საზოგადოება საქართველოში მეაბრეშუმეობის საქმის გაუმჯობესების მიზნით. მე პირადათ ადგილობრივ გავეცანი საფრანგეთის სინდიკატის მუშაობას და დავრწმუნდი იმაში, რომ მათთან თანამშრომლობით ჩვენს მეაბრეშუმეობას მოელის ბრწყინვალე მომავალი და რომ ჩვენ საექსპორტო წარმოებაში მეაბრეშუმეობას შეუძლია დიდმნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. აღნიშნული სინდიკატი ვალად იღებს საქართველოში ლაბორატორიების, საცდელ მინდვრებისა და სკოლების მოწყობას ადგილობრივ მცხოვრებთათვის მეაბრეშუმეობის შესასწავლად. ამ საქმის ინიციატორები არიან მეტად გავლენიანი და საქმის მცოდნე პირები. ამას გარდა ჩვენ დავდევით სავაჭრო ხელშეკრულება ცნობილ სავაჭრო სახლ შაბრიერ მორელთან, რომელიც მარსელში იმყოფება. იტალიაში საკონცენსიო ხელშეკრულება დავდევით იტალიის უდიდეს სალითონო ფირმა „ილვასა“ და იტალო-კავკასიის ბანკთან ტყვარჩელის ქვანახშირის ექსპლოატაციის შესახებ.

ყველა ჩვენ მიერ დადებულ ხელშეკრულებაში ნაგულისხმევია ქართული კაპიტალის, და მთავრობის მანაწილეობა. მთავრობას უფლება აქვს კონტროლი გაუწიოს ამ წარმოებათ და ცხოვრებაში გაატაროს ჩვენი კანონები მათ შორის მუშათა კანონმდებლობაც. ყველა ამ ხელშეკრულებას მე წარვუდგენ მთავრობასა და დამფუძნებელ კრებას. დადასტურების შემდეგ ეს ხელშეკრულებანი დაუყოვნებლივ ძალაში შევლენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ საწარმოო ცხოვრებას მეტად გააცოცხლებს, მით უმეტეს, რომ ჩვენ მიერ დადებული ხელშეკრულებანი ევროპის სავაჭრო სამრეწველო წრეების მხრივ წარმოადგენს პირველ ნაბიჯს, რომელიც ჩვენთან მუშაობის სურვილს ამტკიცებს. ამასთანავე უნდა განვაცხადო, რომ მე დაუბოლოვებლად დავსტოვე რამდენიმე მოლაპარაკება საქართველოს ტყის სახერხ, ქაღალდისა, საქსოვისა და სხვა ფაბრიკა-ქარხნების მოწყობის შესახებ.