Site icon Civil.ge

ტომას შოუ საქართველოს შესახებ: „პირველი სოციალისტური სახელმწიფო“

ევროპელი სოციალისტები თფილისში. 1920 წლის სექტემბერი. ფოტო ეროვნული არქივიდან.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 28 დეკემბერი, N296

„პირველი სოციალისტური სახელმწიფო“

[თომას შოუ – დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ბრიტანეთის პროფკავშირული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საქართველში იმყოფებოდა 1920 წლის სექტემბერში ევროპელ სოციალისტა დელეგაციის წევრის სტატუსით – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

ამ სათაურით ინგლისურ ჟურნალში („Clarion” 22 ოქტომბერი) მოთავსებულია ტომას შოუს წერილი საქართველოს შესახებ. მოგვყავს ამ წერილის ზოგიერთი ადგილები:

„მე ეს კი იყო დავბრუნდი მოგზაურობიდან პატარა, მაგრამ მშვენიერ ქვეყნიდან. ჩამოსვლისთანავე მე გავიგე ზოგიერთ ინგლისურ გაზეთებიდან, ვითომც ევროპიდან გამგზავრებული სოციალისტური დელეგაცია საქართველოში უკმეხად მიეღოთ. ეს არამც თუ მართალი არ არის, არამედ პირდპაირ სასაცილოა.

საქართველომ მიგვიღო გულმხურვალედ და გულწრფელად. ქართველები – მთის ხალხია. ისინი ძალიან საშიშნი არიან მხოლოდ მტერთათვის. ჩვენთვის კი მეგობრები იყვნენ. საქართველო განსაკვირველი, ულამაზესი ქვეყანაა. რამდენადაც ლამაზია, იმდენად ნოყიერია და სარგებლიანი ის დედა მიწა, რომელზედაც ისინი ცხოვრობენ. ეს ქვეყანა უმდიდრესი ქვეყანაა თავისი ბუნებრივი განძეულობით: აქ არის ქვა-ნახშირი, უდიდესი მთები, რომელშიაც, უეჭველად, ბევრი ოქრო და ვერცხლი მარხია, უზარმაზარი ტყეებია,ს ადაც შეიძლება გაშენდეს უთვალავი კურორტები და მოიზიდოს ყველა ქვეყნიდან აუარებელი ხალხი.

მაგრამ ამ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით ვერ არის სათანადოთ განვითარებული: ვაჭრობა-მრეწველობა, არ არის ორგანიზაციები, რომელთაც შეეძლოთ გაერთიანება ყველა დარგისა (ამ მართლაც პირველ სოციალისტურ სახელმწიფოში) და ჯეროვნად გამოიყენონ თავისი ბუნებრივი სიმდიდრენი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნოე ჟორდანიას და მთელ მთავრობასაც კარგად ესმით თავიანთი ქვეყნის მდგომარეობა და შეძლებისამებრ ცდილობენ დაიახლოვონ ევროპის განათლებული სპეციალისტ-ტეხნიკოსები და მათ შემწეობით გაიუმჯობესონ თავიანთი ეკონომიური ცხოვრება.

მე რომ მოვყევი და აგიწერეთ საქართველოს ბუნების ჯადოსნური სილამაზე და ამ ხალხის რაინდული ყოფა ქცევა – მე შემეძლო მართლაც ღირსეული წერილი დამეწერა ჟურნალ „Clarion”-სთვის.

საქართველოს სამხედრო გზა – ეს ნამდვილი სილამაზის განსახიერებაა, ეს არის ლეგენდების და სიმღერების სამეფო. ამ კლდეებზე ნახავთ თამარ-დედოფლის კოშკს, რომელიც მოგითხრობთ ათას უცნაურ ამბებს. ამავე ადგილას ძლიერია ისტორიის ნაშთები. ყველა ლაპარაკობს თავის დროზე ყველაფერი სცოცხლობს და ღაღადებს.

შეუძლია ადამიანმა გადმოგცეთ ის რაც ჩვენ ვიგრძენით და განვიცადეთ საქართველოში მოგზაურობის დროს.

სტუმარ-მასპინძლობა, ხალხის შეხვედრა, პატივისცემა და ის განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც წილად გვხდა ჩვენ, აუწერელია.

მე აღარ მყოფნის სიტყვები, რომ მოგითხროთ ქართველი ხალხის ადათ-ჩვეულებებზე, მათ ტრადიციაზე და იმ თავგანწირულ ბრძოლაზე, რომელიც  არა ერთხელ ჰქონიათ ოსმალებთან, სპარსელებთან და უამრავ მტრებთან. მაგრამ მათ ყოველთვის დაუცავთ თავიანთი ქვეყანა განსაცდელისაგან და გამარჯვებული გამოსულან. ამ ხალხმა შეინარჩუნა მშობლიური ენა, ლიტერატურა და თავისი საუკუნებრივი დიდი კულტურა.

ვიტყვი მოკლედ: საქართველო თავისუფალი ნამდვილი სოციალისტური ქვეყანაა. ყოველი მამაკაცს, ქალს აქვს სრული უფლება თავისუფალი სიტყვისა და ყველანი ერთი უფლებით [თანასწორნი] არიან აღჭურვილი. აქ არ არის ტერორი, არ არის ნგრევა და დიქტატურა. ხალხის უმრავლესობა მისდევს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. საქართველოს მთავრობას არა აქვს პრეტენზიები რომლითაც უქადოდენ რაიმე გასაკვირველ სასწაულებს ხალხს, იგი ზომიერია, მშვიდობიანი გზით ჰქმნის თავის პოლიტიკურ სისტემას, რომლის შედეგი მომავალში უეჭველია – პროგრესია.

საქართველო რომ იყოს სავსებით ბედნიერი, ამისთვის საჭიროა კიდევ საქართველოს „დე იურედ“ ცნობა და ერთა ლიგაში მიღება. ინგლისის მუშათა პარტია უნდა დაეხმაროს საქართველოს ამ საქმეში“.