Site icon Civil.ge

პარლამენტმა მთავრობას შეზღუდვათა დაწესების უფლება კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, ფოტო: საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა 29 დეკემბერს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც კვლავინდებურად მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ, 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა.

საკითხი დეპუტატებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო და თქვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოსთან ერთად, ჩვენც პანდემიის რეჟიმში ცხოვრება გვიწევს, „კრიზისს სჭირდება სწორად მართვა“.

„ამ კანონპროექტს, თავისი ვადის გაგრძელებიანად, აქვს მხოლოდ [ის] მიზანი, რომ მართოს კრიზისი სწორად და დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, რისი კონსტიტუციური პოზიტიური ვალდებულებაც აქვს მთავრობას“, – თქვა დიმიტრი ხუნდაძემ და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტს ამ თემაზე შეკრება აღარ დასჭირდება.

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზუდვების დაწესების შესახებ ცვლილებები პირველად 22 მაისს, ქვეყანაში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობის დასრულების დღეს მიიღო და მთავრობას პარლამენტის გვერდის ავლით შეზღუდვების დაწესების უფლება 15 ივლისამდე გაუხანგრძლივა. პარლამენტმა მთავრობას შეზღუდვების უკვე წლის ბოლომდე დაწესების უფლება კიდევ ერთხელ, 14 ივლისს გაუხანგრძლივა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)