Site icon Civil.ge

გაზ. Le Temps: რატომ არ მიიღეს საქართველო ერთა ლიგაში?

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუკა, 1920 წელი. რუკა დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გაზ. ერთობა, 1921 წლის 6 იანვარი, N4

საქართველო და ერთა ლიგა

პარიზი. „ტანი“ იუწყება: დეკემბრის 17 სხდომაზე ვივიანმა მოკლე სიტყვა წარმოსთქვა საქართველოს ერთა ლიგის შემადგენლობაში მიღების შესახებ. შუამდგომლობის უარყოფის გამო ვივიანმა საფრანგეთის დელეგაციის სახელით შემდეგი განცხადება გააკეთა: საქართველოს ერთა ლიგაში მიღების საკითხი მეტად სერიოზულია. ერთა ლიგაში ახალ სახელმწიფოთა მიმღებ კომისიას არ შეუძლია მისცეს ერთა ლიგას წინადადება საქართველოს უეჭველად მიღების შესახებ. ვინაიდან შეუძლებელია ამ ჟამად ეგრედ წოდებულ „რუსეთის საკითხის“ გადაწყვეტა.

ერთა ლიგა ვალდებულია გაუწიოს ანგარიში თავის წესდების მე-10 მუხლის, რომლის თანახმად ერთა ლიგის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოები ვალდებული არიან დაიცვან ყოველი თავის თანაწევრი, თუ უკანასკნელს რაიმე საფრთხე მოელის. აშკარაა, ის სახელმწიფოები, რომლებიც მისცემდნენ ხმას საქართველოს ერთა ლიგის შემადგენლობაში მიღების საკითხს, ამით აიღებდენ თავის თავზე ვალდებულებას აღმოეჩინათ დახმარება საქართველოსათვის, თუ უკანასკნელს რაიმე გარეშე საფრთხე დაემუქრებოდა. ასეთი ვალდებულების სისრულეში მოყვანა კი ამ ჟამად მეტად ძნელია. ამ თვალსაზრისს არ მიემხრენ რობერტ სესილი და ნანსენი, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდენ საქართველოს ერთა ლიგაში მიღებას. ფიშერი მოითხოვდა მიექციათ ამ საკითხისთვის ყურადღება. ამასთანავე ფიშერმა იკითხა,  – თუ ვინ აიღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას გაეგზავნა საქართველოსათვის ექსპედიცია, საქართველოს რომ დახმარება მოეთხოვა?

 საკითხის ხანგრძლივ განხილვის შემდეგ საქართველოს შუამდგომლობა უარყვეს, ამასთანავე საქართველოს წარმომადგენლებს მიეცა უფლება, თუ ისინი მოისურვებენ მიიღონ მონაწილეობა საორგანიზაციო ტეხნიკურ საკითხების გადაწყვეტაში (საქართველოს დეპეშათა სააგენტო).