საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელისთვის, ჯანდაცვისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარ სტელა კირიაკიდესისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთვის გაგზავნილ წერილში, ევროკავშირის 13 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიას მოუწოდეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორებობის ქვეყნებს კოვიდ-19-ის ვაქცინაზე წვდომაში დაეხმაროს.
6 იანვარს გაგზავნილ წერილს, რომლის ინიციატორიც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისია, ხელს ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, უნგრეთის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც აწერენ.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს ევროკომისიას, რომ აღმოსავლელი პარტნიორების მხარდასაჭერად სწრაფად შეიმუშაოს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებით გამოყენებული მსგავსი მხარდაჭერის მექანიზმი.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენი საზღვრები ვერ იქნება უსაფრთხო, თუ ჩვენს უშუალო მეზობლებს არ აღმოვუჩენთ მხარდაჭერას. ჩვენს აღმოსავლელ პარტნიორებს არაერთხელ მიუმართავთ ევროკავშირისთვის კოვიდთან დაკავშირებული მხარდაჭერისთვის და ვაქცინაზე ხელმისაწვდომობასაც ითხოვდნენ“, – ნათქვამია წერილში.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის კონტექსტში, საჭიროა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული ღირებულების შესახებ ძლიერი და კოორდინირებული გზავნილი გავახმოვანოთ“, – განაცხადეს მინისტრებმა და დასძინეს, რომ ამგვარი გზავნილის ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი აღმოსავლელი პარტნიორებისთვის ვაქცინებზე წვდომაში დახმარება იქნება.
Huge thank you to 13 European FMs for their letter regarding distributing #COVID19 vaccines to #EaP countries by upcoming spring, which is yet another confirmation of staunch support & solidarity of #EU. https://t.co/JesqOuEaG4
— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 7, 2021
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს ევროკავშირიდან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ წერილი „ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერისა და ლოიალობის კიდევ ერთი დასტურია“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)