Site icon Civil.ge

2021 წლიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა

ფოტო: unsplash.com

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა.

უწყების ცნობით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 20 ლარით – 220 ლარიდან 240 ლარამდე გაიზარდა, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერებს კი – 25 ლარი დაემატათ და ისინი 250 ლარის ნაცვლად, 275 ლარს მიიღებენ.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მომატებულ პენსიაზე კიდევ 20%-იან დანამატს მიიღებენ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები. შესაბამისად, 2021 წლიდან, აქ მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერების პენსია 264 ლარიდან 288 ლარამდე, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერების პენსია კი – 300 ლარიდან 330 ლარამდე გაიზარდა.

ამასთან, ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება.

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2.6 მლრდ ლარია გათვალისწინებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)