Site icon Civil.ge

ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის

ირაკლი კობახიძე, ფოტო: facebook.com/KobakhidzeOfficial

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის. ივანიშვილმა პოლიტიკიდან „საბოლოოდ“ წასვლის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა და თქვა, რომ იგი „კერძო ცხოვრების წესს“ უბრუნდება.

ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, პარტია ახალ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს განახლებულ, 21 წევრიან შემადგენლობას 16 იანვარს გამართულ ყრილობაზე აირჩევს, რომელსაც 400-მდე დელეგატი დაესწრება.

კალაძემ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებაც შეაფასა და თქვა, რომ ეს პარტიისთვის „არის გამოწვევა“. „ახლა ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და შემართება, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული საქმე და საქართველო საბოლოოდ ჩამოვაყალიბოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ და ჩვენი ქვეყანა დასავლური სტრუქტურების სრულფასოვან წევრად ვაქციოთ“, – ხაზი გაუსვა მან.

ირაკლი კობახიძე 2015 წლიდან ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანია. მე-10 მოწვევის პარლამენტში იგი მმართველმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე აირჩია.

ირაკლი კობახიძეს, რომელიც ქართული ოცნების თანადამფუძნებელია, წინა მოწვევის პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. 2019 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და მის პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ირაკლი კობახიძე კვლავ პარტიის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად დარჩა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო შტაბს სწორედ იგი ხელმძღვანელობდა და პარტიული სიის მე-3 ნომრადაც დასახელდა. კობახიძე ასევე აქტიურად იყო ჩართული, ოპოზიციური პარტიების მიერ ახალი პარლამენტის ბოიკოტის შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)