გაზ. ერთობა, 1921 წლის 15 იანვარი, N10
წარმავალი საფრთხე და ბრწყინვალე მომავალი
ჩვენ საერთაშორისო მდგომარეობაში არის თავისი დადებითი და თავისი უარყოფითი მხარეები. საერთო სურათი ასეთია: არა ნორმალური ურთიერთობა აღმოსავლეთ სახელმწიფოებთან; მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობა დასავლეთ ევროპასთან. მეზობელ სახელმწიფოებთან ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერ მოგვინახია საერთო სალაპარაკო ენა; შორეულ დასავლეთთან კი, პირიქით, ეს ენა უკვე ნაპოვნია. ახლო მეზობლებთან ურთიერთობის მოუწესრიგებლობაშია ჩამარხული ყველა ჩვენი უკუღმართობის თავი და ბოლო. მუდამ გამოურკვეველი მდგომარეობა, მუდამ მტრული მოქმედების მოლოდინი, მუდამ თავდაცვაზე ფიქრი და მუდამ იძულებითი სამხედრო ფეხზე დგომა – აი მიზეზები, რომლებიც აძნელებენ ჩვენს ცხოვრებას, ამწვავებენ კრიზისს, აფერხებენ საქონლის ცვლას, სცემენ ფულის ნიშნების ფასს, აძლიერებენ სიძვირეს.
მოაშორეთ ჩვენ ქვეყანას გარეშე საფრთხე, მიეცით მას საშვალება დაუბრუნოს თოფ ქვეშ დაყენებული სამშობლოს მცველები მათს ჩვეულს ღირებულების შემქმნელს მუშაობას, გაანთავისუფლეთ ჩვენი სახელმწიფო მათი კვების საჭიროებისაგან, საშუალება მიეცით მას მთელი თავისი ძალა, რომელიც დღეს უმთავრესად არა მწარმოებელ საქმეს ხმარდება, მოახმაროს წარმოების გაძლიერებას და კულტურულ მოქმედებას, და დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყანა სულ მოკლე ხანში დაადგება წარმატების და აყვავების გზას, სულ მოკლე ხანში იფეთქებს მისი ეკონომიური ძალა და ხალხის კეთილდღეობა მაღალ საფეხურზე ავა.
დღეს კი, მიუხედავათ იმისა, რომ სახელმწიფოს მთელი ყურადღება მიპყრობილია თავდაცვის საქმეზე, ჩვენი სახელმწიფოს საძირკველში უკვე ხდება თვალსაჩინო ცვლილებები, რომლებიც მომავლისათვის დიდი იმედების აღმძვრელია. ვისაც ამ წელიწადს ყურადღება მიუქცევია სოფლისათვის, ის შეამჩნევდა თუ რამდენათ მოღონიერებულია ეკონომიურად ჩვენი სოფლის ხალხი. მემამულეთა მიწების მიღების შემდეგ ჩვენი გლეხობა წელში იმართება, იგი ეკონომიურად მაგრდება, უკეთესად იკვებება, საუკუნეობრივ ჩაგვრის და დაბეჩავების უღელს იშორებს კისრიდან. საქმიანობის და ინიციატივის უნარს იჩენს სოფლების ერთობა-თემები. კიდევ უფრო მეტი უნარი ემჩნევა სამაზრო ერობას, რომელიც ფართო შემოქმედების გზას ადგება, უფრო და უფრო თამამად მოქმედებს და ხალხში უფრო და უფრო მეტს ნდობას იმსახურებს. სამწუხაროდ ცენტრი სათანადოთ გაცნობილი არ არის პროვინციის ყოველდღიურს საქმიანობას, თორემ შეუძლებელია გვერდის ავლა ისეთი საშვილიშვილო მუშაობისათვის, როგორსაც ეწევიან, გორის, ქუთაისის, სენაკის და სხვა ერობები. რა თქმა უნდა, საერთო კრიზისი, რომელსაც განიცდის ჩვენი სახელმწიფო, ამ ერობათა მუშაობასაც აფერხებს, მიუხედავათ ამისა, ისინი ახერხებენ დიდს კულტურულ და ეკონომიურ საქმეების დაწყებას და გაძღოლას.
ჩვენი სახელმწიფოს საძირკველი დღითი-დღე მტკიცე და ურყევი ხდება იმ უჩინარ მუშაობის მეოხებით, რომელსაც ეწევიან ჩვენი დემოკრატიულ ორგანიზაციები. ატმოსფერას სწამლავენ მხოლოდ ის შავი ღრუბლები, რომლებიც ჩვენი სამშობლოს ცაზე შეკრებილან და მზეს აბნელებენ. როგორც კი გაიფანტებიან ეს ღრუბლები, როგორც კი გაიწმინდება ირგვლივ მომდგარი მტრობა-სიძულვილის ატმოსფერა, წინ წარმოდგებიან ის დადებითი ძალები, რომელთა მოქმედებაც დღეს შესუსტებულია უარყოფითი ძალების შიშით.
დასავლეთ ევროპის დემოკრატია სოციალისტურ პარტიების მოღვაწეთა მეთაურობით ხმა-მაღლა ღაღადებს ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ. მისი ღაღადის გავლენით დიდი სახელმწიფოებიც უფრო მეტს ყურადღებას იჩენენ ჩვენდამი. ამნაირივე ყურადღება ემჩნევა დასავლეთ ევროპის კაპიტალის წარმომადგენელთ, რომელთაც პირველი დიდი ნაბიჯი უკვე გადადგეს ჩვენი ქვეყნისაკენ და მის წიაღში დამარხული სიმდიდრის ექსპლოატაციის დაწყებას ლამობენ.
კომუნისტური და პან-ისლამური საფრთხე – აი ჩვენი ხალხის უკუღმართობის მთავარი მიზეზები. მაგრამ ორივე ეს საფრთხე დროებითია და წარმავალია. არც ერთს არც მეორეს არა აქვს მკვიდრი ნიადაგი. ორივე უმცირესობის დიქტატურაზეა დაყრდნობილი, ორივე ძალადობაზე აშენებს თავის ბატონობას, ამიტომ ორივე ეს ძალა ისტორიის მიერ განწირულია. ამ მტრულ ძალების განიავებასთან ერთად ბოლო მოეღება გაჭირვებას და კრიზისსაც, რომელსაც ჩვენი ქვეყანა განიცდის და ის ბრწყინვალე მომავალი, რომელიც მოელის ჩვენს ხალხს მოვალედ ხდის ყოველს შეგნებულს მოქალაქეს მთელი თავისი ენერგიით იბრძოლოს ამ წარმავალი მტრული ძალების წინააღმდეგ. „წყალნი წავლენ და წარმოვლენ, ქვიშანი ძირს დარჩებიან“.