გაზ. ერთობა, 1921 წლის 18 იანვარი, N12
იტალიის პრესა ტყვარჩელის კონცესიის შესახებ
„ჟურნალ დ’იტალიაში (14 ნოემბრის ნომერში) მოთავსებულია წერილი შემდეგი სათაურით: „იტალია უზრუნველყოფილია მეტად მნიშვნელოვან ქვანახშირის რაიონით“.
„ამ დღეებში ხელმოწერილი იქნა კონვენცია, რომლის ძალითაც იტალიას ეძლევა ტყვარჩელის ქვა ნახშირის რაიონის ექსპლოატაციის უფლება, ამ კონვენციას, რომელიც არის დიდი გამარჯვება ჩვენის ნაციონალური ინიციატივისა უცხოეთის სხვა ძლიერ ჯგუფების მედგარ კონკურენციაზე, ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინე კანდელაკმა ერთის მხრივ, და კომერს. პელიკმა და ამბრონმა იტალიის კავკასიის ბანკის სახელით, გრაფმა ორლანდემ – საზოგადოება „ილვა“-ს სახელით, კომერსანტებმა სონალიამ და დელკოროპოსტიმ „სოციეტ იტალიანა კორ ილ კავკაზი“-ს სახელით – მეორეს მხრივ.
ტყვარჩელის ქვა ნახშირის რაიონი მდებარეობს სოხუმის ოლქში და დაშორებულია შავი ზღვიდან 50 კილომეტრით. გამოცდილ ტეხნიკოსების გამოკვლევით ამ რაიონში არის 200 მილიონი ტონა ქვანახშირი, რომელიც თავის ღირსებით უდრის საუკეთესო კარდიფის ქვა ნახშირს; ქვანახშირი პირდაპირ მიწის ზედაპირზე მოსჩანს.
აქედან ცხადია, რომ ეს რაიონი ახლო ხანში იტალიას მისცემს დიდძალ ქვა ნახშირს.
ყველასათვის აშკარაა ასეთი ხელშეკრულების უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც ამაგრებს გულითადს და მეგობრულს ურთიერთობას ჩვენს ქვეყანასა და ახალგაზრდა და აყვავებულ საქართველოს რესპუბლიკას შორის; ამასთანავე ის არის ენერგიული ნაბიჯი გადადგმული იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს ეკონომიური მონობისაგან, რომლის უმნიშვნელოვანეს ფაქტორსაც წარმოადგენს ქვა ნახშირის ნაკლებობა.
იტალია ერთხელ კიდევ ამტკიცებს, რომ ის მთელი თავისი ძალ ღონით, მიისწრაფვის დიდ და პატარა ქვეყნების თანამშრომლობისაკენ, ისეთ თანამშრომლობისაკენ, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობიანი მუშაობის გზით კაცობრიობის ეკონომიური კეთილდღეობის აღორძინებას. იგი ერთხელ კიდევ ძლიერი თავისი ორი ათასი წლის კულტურით და თავის შვილთა ტრადიციული მოღვაწეობით, მტკიცედ მიისწრაფის – კვლავ გაიკვალოს აღმოსავლეთისაკენ ის გზები, რომლებსაც იცნობდნენ რომის ტრირემები და მის საზღვაო რესპუბლიკათა ხომალდები.