არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ (TIG) 15 იანვარს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულებებს და ამ კუთხით 2020 წლის 1 იანვრიდან გამოკვეთილ ტენდენციებს მიმოიხილავს.
იმ 9 საარჩევნო სუბიექტიდან, რომელმაც არჩევნებში 1%-ის ოდენობის ხმა მაინც მიიღო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შევსებული ფინანსური დეკლარაციები მხოლოდ გირჩმა არ მიაწოდა. შესაბამისად, ანგარიშში გამოკვეთილი მიგნებები ძირითადად 8 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციებისა და წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესების ანალიზს ეყრდნობა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ აღნიშნა, რომ კვლევის ფარგლებში შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა 1 სექტემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მთლიანობაში დაახლოებით 38.6 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, აქედან თითქმის ნახევარი (45%) – 17.3 მლნ ლარი ქართული ოცნებაზე მოდიოდა. 6 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო ლელო, 5.7 მლნ ლარით კი – მესამე ადგილს საარჩევნო ბლოკი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია იკავებდა.
ანგარიშის თანახმად, შესწავლილმა 8 საარჩევნო სუბიექტმა ჯამში დაახლოებით 33.4 მლნ ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან 15.3 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 46%) მმართველ პარტიაზე მოდიოდა, 6 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო ლელო, ხოლო 4.8 მლნ ლარით მესამეზე – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჯამურ შემოწირულებებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მმართველი პარტიის წილი 68%-დან 46%-მდე შემცირდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს (17 ნოემბრამდე) დაახლოებით 68 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა, იმავე პერიოდში, ქართული ოცნების სასარგებლოდ 1.6 მლნ ლარი გაიღეს.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, შესწავლილმა საარჩევნო სუბიექტებმა დაახლოებით 37.3 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწიეს, რომლის 46% – 17.1 მლნ ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, 6 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო ლელო, 5.2 მლნ ლარით კი – მესამე ადგილს საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია იკავებდა.
საარჩევნო სუბიექტების ხარჯების 75% (28.1 მლნ ლარი) სარეკლამო ხარჯი იყო. საერთო სარეკლამო ხარჯის 43%-ს მმართველი პარტიის სარეკლამო ხარჯები შეადგენდა. ანგარიშის თანახმად, დანარჩენი ყველაზე მსხვილი კატეგორიები იჯარის ხარჯი (6%) და შრომის ანაზღაურება (4%) იყო, რაც სარეკლამო ხარჯებთან შედარებით, ხარჯის უმნიშვნელო წილია.
დოკუმენტი რუსეთიდან ქართული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმის „დოსიეს“ ჟურნალისტურ გამოძიებას იხსენებს, სადაც პარტია პატრიოტთა ალიანსის კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. ორგანიზაციის თქმით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა „არ ჩათვალეს საჭიროდ, დაეწყოთ გამოძიება, რითაც პასუხგაუცემელი დარჩა სერიოზული კითხვები მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან ქართულ პოლიტიკაში ჩარევის თაობაზე“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშს რამდენიმე რეკომენდაციაც ახლავს, მათ შორისაა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს ჩამოყალიბების საჭიროება, რომელიც „აღჭურვილი იქნება საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწევს ზედამხედველობას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)