სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Global Honors Network ოკუპირებულ აფხაზეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით კოვიდ-19-ზე ანტისხეულების განსაზღვრის 500 ტესტი გადასცა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
13 იანვრის ინფორმაციით, სოხუმი იმავე კომპანიისგან PCR ტესტების მიღებასაც ელის. ასევე, დაგეგმილია მოლაპარაკებები დახმარების მასშტაბის გაზრდის მიზნით.
„აფსნიპრესმა“ ასევე აღნიშნა, რომ Global Honors Network-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც სოხუმსა და კომპანიას შორის ჰუმანიტარულ თანამშრომლობას კოორდინაციას უწევს, წარსულში „გარკვეული პერიოდით“ აფხაზეთში ცხოვრობდა.
კომპანია Global Honors Network-ის შესახებ ცნობა პირველად ქართულ მედიაში 2020 წლის მაისში გაჩნდა, როდესაც სამხრეთ კორეული გაზეთი The Korea Herald იტყობინებოდა, რომ ადგილობრივი კომპანია ოკუპირებულ აფხაზეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევდა.
საქართველოს ელჩმა სამხრეთ კორეაში ოთარ ბერძენიშვილმა მაშინ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ არასამეწარმეო ორგანიზაცია Global Honors Network-ი პატარა ორგანიზაციაა, რამდენიმე ადამიანით არის დაკომპლექტებული და „კავშირი აქვთ როგორც ამერიკასთან, ისე რუსეთთან“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)