გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 22 იანვარი, N15
ისევ გაეროვნების შესახებ
სახელმწიფოს ეროვნული გამომხატველი, მისი დამახასიათებელი უმთავრესი ფაქტორი ეს ენაა და სამწუხაროდ არ შეგვიძლია არ ავღნიშნოთ, რომ აგერ დამოუკიდებლობის მესამე წელი სრულდება და ჯერ კიდევ სანახევროდაც ვერ შევძელით გაეროვნება. ბევრ ჩვენს დაწესებულებაში ისევ უცხო ენაზეა საქმის წარმოება, უწყების ხელმძღვანელნი ყველა ზომებს ღებულობენ, რომ ყველგან მშობლიურ, სახელმწიფო ენაზე სწარმოებდეს საქმე; ამ მიზნით ბრძანება რამოდენიმეჯერ გამოიცა, მაგრამ არ მოხერხდა სავსებით საქმის მოგვარება. ზოგიერთ დიდს თუ პატარა მოხელეს ისე მტკიცედ აქვს შეთვისებული უცხო ენა, რომ მათ არ ეხერხებათ ლაპარაკი სახელმწიფო ენაზე; მით უმეტეს ძნელია მათთვის საქმის წარმოება; რასაკვირველია ამ მოვლენას აქვს თავისის გასამართლებელი საბუთები. ის რაც საუკუნის განმავლობაში არის შესისხლხორცებული, ძნელია მისი ასე მალე გაუქმება და ახალის შეთვისება, მაგრამ არც ეს კმარა თავის გასამართლებელ საბუთად;
საჭიროა მეცადინეობა, შრომა, თუ გნებავთ სწავლაც კი სახელმწიფო ენის შესათვისებლად. თვითეული მოხელე უნდა ცდილობდეს ამისთვის, თორემ რას გავს ეხლანდელი სახელმწიფო ენაზე ზოგ დაწესებულებაში საქმის წარმოება – ისე ადგენენ ზოგან მიწერ-მოწერის ქაღალდებს, რომ თუ რამოდენიმეჯერ არ წაიკითხეთ ვერ გაიგებ შინაარსს. ამ მხრივ აღსანიშნავია სამხედრო უწყების ზოგიერთ დაწესებულებანი [განსაკუთრებით გენერალური შტაბი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]: აქ მიუხედავათ სამხედრო მინისტრის ბრძანებისა ისევ რუსულ ენაზე აწარმოებენ საქმეს, რის გამოც სამხედრო მინისტრი ერთხელ კიდევ აძლევს გაფრთხილებას სამხედრო დაწესებულებათა უფროსებს, რომ უსათუოდ აწარმოონ საქმე სახელმწიფო ენაზე. ჯარში მუშაობს კულტურული სექცია, რომლის ,მიზანია სხვათა შორის მშობლიური ენისა და ისტორიის ჯარში გავრცელება; ამ სექციის მუშაობას რათა ფასი ექნება თუ ისევ რუსიციზმი იქნება ჯარში;
ამ გარემოებას დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ოფიცრობამ და უმაღლესმა სამხედრო პირებმა, მათ ყოველგვარი ზომები უნდა მიიღონ, ჯარში ეროვნული სულის გასაღრმავლებლად, არამც თუ საქმის წარმოება, უბრალოდ თავისუფალ დროს საუბარი ჯარის კაცთან სახელმწიფო ენაზე უნდა ხდებოდეს.
მართალია ძნელია ზოგიერთ სამხედრო ხელოვნების ტერმინოლოგიის გადაქართულება, მაინც ყოველგვარი ზომები უნდა იქნეს მიღებული სამხედრო მინისტრის ბრძანების სისრულეში მოსაყვანად სახელმწიფო ენაზე საქმის წარმოების შესახებ.