თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 იანვარს, აწ უკვე გარდაცვლილი ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილისთვის 2007 წელს „თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე“, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო და ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე სასჯელის საბოლოო სახედ დაუსწრებლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმდროინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის აქციების დროს, ზურაბ ადეიშვილმა ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლისა“ და ლილოს ბაზრობების გაკონტროლებისა და ოპოზიციის ლიდერების მხრიდან აგიტაციის აღკვეთის მითითება გასცა.
ამავე ინფორმაციით, 2007 წლის 7 ნოემბერს, სამართლადმცველებმა ზურაბ ადეიშვილის დავალებით კობა დავითაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე საპროტესტო აქციისთვის ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა. ამის შემდეგ, იგი „ხელკეტებით სცემეს“ და საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად გორის ჰოსპიტალში წაიყვანეს, სადაც თავის არეში დაზიანებები მიაყენეს.
- კობა დავითაშვილი: მე გამიტაცეს და მცემეს
- სპეცდანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქცია დაშალა
- სამართალდამცავებმა რიყეზე შეკრებილი მომიტინგეებიც დაშალეს
„კობა დავითაშვილმა უკანონო თავისუფლების აღკვეთის დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები“, – აცხადებენ პროკურატურაში.
კობა დავითაშვილმა ამავე საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჯერ კიდევ 2010 წელს მიმართა. იგი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 49 წლის ასაკში, 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, იგი სწორედ 2007 წლის შეთმხვევას უკავშირებდა.
ზურაბ ადეიშვილმა, ქვეყანა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა და იგი ამ დრომდე უცხოეთში ცხოვრობს. მან უნგრეთის ხელისუფლებისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
საქართველოს პროკურატურას 2013 წლიდან ზურაბ ადეიშვილზე, არაერთი ბრალდებით, ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა მის ექსტრადირებას ვერ მიაღწია. სასამართლომ იგი დაუსწრებლად დამნაშავედ უკვე რამდენიმე საქმეზე ცნო, მათ შორის არის ტელეკომპანია „იბერიასა“ და ბანკი „ქართუს“ საქმეები.
ასევე წაიკითხეთ:
- სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეში დამნაშავედ ცნო
- სასამართლომ ბანკი „ქართუს“ საქმეზე ნიკა მელია და ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)