Site icon Civil.ge

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო 

სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, ფოტო: ევროპის საბჭო - სანდრო ველტინი

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 21 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

გადაწყვეტილებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სახელმწიფოთაშორის დავაზე მიიღო, ნათქვამია, რომ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისა და ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა.

სასამართლოს თქმით, 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში „რუსეთის მტკიცედ დაფუძნებამ და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელთა რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულებამ წარმოაჩინა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე „ეფექტიან კონტროლს“ რუსეთი ახორციელებდა.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთი „ეფექტიან კონტროლს“ ახორციელებდა მის მიერ დაკავებულ „ბუფერულ ზონაზეც“.

რაც შეეხება ვითარებას 2008 წლის 8-12 აგვისტოს მონაკვეთში, სასამართლო არ დაეთანხმა საქართველოს სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც რუსეთს ამ პერიოდში ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობას დაკისრებას მოითხოვდა. სასამართლოს თქმით, კონფლიქტის აქტიური ფაზა თავისთავად გულისხმობს, რომ ტერიტორიაზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლა მიდიოდა. ამდენად, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თვალსაზრისით, მიმდინარე მოვლენებზე იურიდიული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრებოდა.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა:

სასამართლოს გადაწყვეტილება 

მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, ასევე ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ სახლების დაწვასა და ძარცვასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია რუსეთის შეიარაღებული ძალები ფორმალურად კონფლიქტში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის მიზნით ჩაერივნენ, ბევრ შემთხვევაში რუსული ძალები განზე გადგნენ, როდესაც ოსური დანაყოფები სახლებს წვავდნენ.

„რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის გაცემული ბრძანების მიუხედავად, რომ დაეცვათ მოსახლეობა და ადგილზე სამშვიდობო და სამართალდამცავი ოპერაციები განეხორციელებინათ, რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები არასაკმარისი აღმოჩნდა სავარაუდო დარღვევების აღსაკვეთად“, – აღნიშნა სასამართლომ და დასძინა, რომ ამგვარი დამოკიდებულების მასშტაბისა და გავრცელების სიხშირიდან გამომდინარე „ეს შესაძლოა მივიჩნიოთ ‘ოფიციალურ შემწყნარებლობად’ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რაც იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ ამ უკანასკნელმა არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება სავარაუდო დარღვევების ფაქტებზე“.

აღნიშნა რა, რომ კონფლიქტის შემდეგ საქართველოს 160 მშვიდობიანი მოქალაქის დაკავებაზე რუსეთია პასუხისმგებელი, სასამართლომ განაცხადა, რომ მართალია რუსი სამხედროების უშუალო ჩართულობა არ გამოვლენილა, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეების დაცვაზე კონვენციის თვალსაზრისით რუსეთი იყო პასუხისმგებელი, იმასაც გულისხმობს, რომ ეს უკანასკნელი სამხრეთ ოსეთის დანაყოფების ქმედებებზეც იყო პასუხისმგებელი.

სასამართლომ დასძინა, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება და მათ მიმართ განხორციელებული ქმედებები არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობად შეიძლება შეფასდეს.

სამხედრო ტყვეებზე საუბრისას, სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია რუსული სამხედრო ძალის უშუალო ჩართულობა ყველა შემთხვევაში არ გამოვლენილა, ის ფაქტი, რომ სამხედრო ტყვეები რუსეთის იურისდიქციის ქვეშ ექცეოდნენ იმას ნიშნავდა, რომ ეს უკანასკნელი სამხრეთ ოსეთის ძალების ქმედებებზეც იყო პასუხისმგებელი.

„ისინი ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არასათანადო მოპყრობის აღსაკვეთად არ უმოქმედიათ“, – განაცხადა სასამართლომ.

სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებსა და რუსეთის ფედერაციას, რომელიც ამ რეგიონებზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა, კონვენციის ფარგლებში ვალდებულება ეკისრებოდათ, რომ ეთნიკური ქართველებისთვის თავიანთ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცათ“.

ამბის წინაისტორია

საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს განაცხადებით რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, ხოლო სრული განაცხადი თანდართული მასალებითა და 700-მდე მტკიცებულებებით 2009 წლის 6 თებერვალს წარუდგინა.

საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა, რომლებიც ეხება: სიცოცხლის უფლებას; წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას; პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას; ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას; საკუთრების დაცვის უფლებას; განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას.

რუსეთი ყველა ამ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, რომელთაც, მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვისთვის საჭირო მტკიცებულებები არ ახლდა. რუსეთი აცხადებდა, რომ თავდასხმები მის სამხედრო ძალებს არ დაუწყიათ და რომ მისი შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას საქართველოს თავდასხმისგან იცავდნენ. ევროპის სასამართლომ საქართველოს მიერ წარდგენილი საჩივარი დასაშვებად 2011 წლის დეკემბერში ცნო და ის განსახილველად 17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას გადასცა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სულ 33 მოწმეს მოუსმინა, რომელთაგანაც 16 საქართველოს მთავრობის, 11 რუსეთის ფედერაციის მთავრობის, ხოლო ექვსი მოწმე უშუალოდ სასამართლოს მიერ იყო გამოძახებული.

სასამართლოს დიდმა პალატამ 2018 წლის მაისში საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა.

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი. ეს საქმე საქართველომ 2014 წელს მოიგო, როდესაც ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და რუსეთიდან კოლექტიური გაძევება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა იყო.

მესამე სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ 2018 წელს შეიტანა და ის ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)