Site icon Civil.ge

პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის გამოძიება დაასრულა

ფოტო: კადრი ტელეკომპანია "ფორმულას" ვიდეოდან

საქართველოს გენერალური პროკურატურის 21 იანვრის განცხადებით, უწყებამ „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე“ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.

დღევანდელ განცხადებაში პროკურატურამ ვინაობის დასახელების გარეშე დააზუსტა, რომ დაკავებულები საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში „მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით“ და საზღვრის ხაზზე შეთანხმებისას, ისეთი კარტოგრაფიული მასალა გამოიყენეს, რომელიც „არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან“.

პროკურატურის ინფორმაციით, ივერი მელაშვილის სამუშაო კაბინეტში მასსა და დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს – მალხაზ მიქელაძეს შორის საუბრის ფარული ჩანაწერიდან, რომელიც პროკურატურამ 2020 წლის 28 სექტემბერს მელაშვილის დაკავებამდე მოიპოვა, ჩანს, რომ 2006 წელს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის, მე-17 სარწყავი არხის, დავით-გარეჯისა და ჯანდარის ტყის მიმდებარედ, „მიღებული დავალების შესაბამისად“, საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

პროკურატურის განცხადებით, პირველ ორთან მიმართებით, მელაშვილი ჩანაწერში ამას თავადვე აღიარებს, ჯანდარის ტყის მიმდებარე მონაკვეთზე შეთანხმებას კი – იგი „ტექნიკურ შესწორებად მოიხსენიებს“.

საგამოძიებო უწყებისვე განმარტებით, საუბარში მელაშვილი ასევე აცხადებს, რომ იგი საზღვრის ამგვარი შეთანხმების წინააღმდეგი იყო და მას აღნიშნული სწორად არ მიაჩნდა, თუმცა, შეთანხმების ოქმს ხელი მაინც მოაწერა.

პროკურატურის განცხადებით, ამავე საუბარში ივერი მელაშვილი იმასაც ამბობს, რომ ქართველი ექსპერტები მუშაობის პროცესში აზერბაიჯანის პოზიციას „მეტწილად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იზიარებდნენ“.

პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საზღვრის „13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს – დაახლოებით 3 500 ჰექტარს“.

„ქართული მხარისგან განსხვავებით, აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოსთვის ტერიტორია არ დაუთმია“, – დასძენს უწყება.

პროკურატურამ დღეს მტკიცებულების სახით ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, აგრეთვე გრაფიკულად დამუშავებული კარტოგრაფიული მასალაც გაავრცელა, რომლებიც უწყებისვე განცხადებით, დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებენ.

პროკურატურის განცხადებას დღეს დაკავებულების ადვოკატები გამოეხმაურნენ და საგამოძიებო უწყება იმის გამო გააკრიტიკეს, რომ დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ გადაცა, რითაც „დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელებისთვის დაბრკოლებები შექმნა“.

ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მისთვის ნათელი გახდა, თუ რატომ არ ასაჯაროებდა პროკურატურა მტკიცებულებას, რადგანაც ის თავისი შინაარსით „გამამრთლებელი მტკიცებულებაა“. „თუმცა ისინი დღეს მანიპულაციურად ცდილობენ წარმოადგნონ დამახინჯებული შინაარსით და გადასცენ საზოგადოებას ისე, რომ თითქოს [ივერი მელაშვილმა] აღიარა დანაშაული“, – დაამატა მან.

„რაც ჩვენ ვიხილეთ, ნამდვილად არ არის ის მტკიცებულებები, რომლებითაც შეიძლება გვემსჯელა, რომ მათზე [მელაშვილსა და ილიჩვაზე] ხორციელდებოდა გარკვეული დავალებების მიცემა“, – თქვა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ და დასძნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის „ჩანაწერი იყო ნაწყვეტი, რაც ერთბლიობაში არ იძლევა სრულ სურათს“.

აზერბაიჯანისთვის ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე 29 სექტემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება მათ მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“ მიმართულ ქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები ბრალს დღემდე არ აღიარებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)