გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 25 იანვარი, N17
ტყვარჩელის კონცესია
ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე მეტად საიმედო პერსპექტივებს იძლევა. ეს სიმდიდრე, რომ ჯეროვნათ იყოს გამოყენებული, ჩვენ რომ შეგვეძლოს მისი სარგებლობა, ჩვენი ეკონომიური კრიზისი ეგზომ საგრძნობი და შემაწუხებელი არ იქნებოდა, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამოდენა სიმდიდრე ხელუხლებლად უხვად ძევს დედამიწის წიაღში. მარტო გარდამავალი ხანა და სხვა და სხვა გამართულებელი პოლიტიკური მომენტი არ არის ამის მიზეზი; ეკონომიური წარმოებისთვის მარტო სახელმწიფოს ნორმალური მდგომარეობა და კეთილი სურვილები როდი კმარა, – საჭიროა საწარმოო საქმის დასაწყებათ, ბუნებრივი სიმდიდრის დასამუშავებლად კაპიტალი, რითაც სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფო მეტად ღარიბია; ამისთვის აუცილებელად საჭიროა მივმართოთ უცხო კაპიტალს.
ეკონომიის ასეთი პოლიტიკა ჩენ დღევანდელი, ჩვენი ეკონომიური და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით მიზანშეწონილად მიგვაჩნია. უცხო კაპიტალის ჩვენში შემოჭრით ჩვენ საფრთხეს სრულიადაც არ მოველით; მით უმეტეს მაშინ, როცა უცხოელ კაპიტალისტების მიერ დაწყებულ საქმეში სახელმწიფოც მონაწილე იქნება ეს მთავრობამაც კარგად იცის, ამიტომ იყო, რომ მან გაგზავნა ევროპაში ეკონომიური კომისია, რომლის მიზანი იყო სხვათა შორის საკონცესიო საქმეების მოწესრიგებაც. ხსენებულ კომისიას კიდევაც დაუდევს ერთი საკონცესიო ხელშეკრულება იტალიის მსხვილ სამრეწველო და ფინანსიურ ჯგუფებთან.
ამ ხელშეკრულების ძალით ტყვარჩელის ნახშირის ექსპლოატაცია 45 წლის ვადით იტალიელ კაპიტალისტების ხელში გადადის. კონცენსიონერები ვალდებული არიან დიდი თანხებით დაუყონებლივ შეუდგენ ტყვარჩელის ნახშირის დამუშავებას. კონცენსიონერებს თავის ვალდებულებათა გასამართლებლად დასჭირდებათ რკინის გზის გაყვანა და შეიძლება ნავთსადგურის აგებაც ფოთსა და სოხუმს შორის. კონცენსიონერები ვალდებული არიან საკონცესიო უფლების მიღებისთვის ამოღებულ ნახშირის ნაწილი უფასოდ დაუთმონ საქართველოს მთავრობას, ხოლო თუ საქართველოს საჭიროებისათვის ეს საკმაო არ იქნება, კიდევ 25 პროცენტი ამოღებული ნახშირისა თვით ღირებულ ფასებში უნდა მისცენ ჩვენს მთავრობას. პირველს ათას წელს საქართველო ღებულობს ამოღებულ ნახშირის 5 პროც., ათი წლის შემდეგ ოც წლამდე – 10 პროც. და ოცი წლის შემდეგ ვადის გასვლამდე ამოღებულ ნახშირის 20 პროც. ამასთანავე განსაზღვრულია ნახშირის მინიმალი ამოღება. ნაკლებიც რომ ამოიღონ, მთავრობამ თავისი წილი მაინც უნდა მიიღოს. საკონცესიო ვადის გასვლის შემდგომ ყველა შენობა, გზები და სხვა, რაც კი კონცენსიონერების მიერ იქნება გაკეთებული საქართველოს რჩება უფასოდ. ვადის გასვლამდე, კონცესიის დაწყებიდან 30 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობას უფლება ეძლევა კონცესიის გამოსყიდვისა.
ხსენებული ხელშეკრულების დამტკიცება დამფუძნებელ კრებაში დიდი კამათი გამოიწვია; ერთი რიგი დეპუტატებისა [სოციალისტ-რევოლუციონერები და სოციალისტ-ფედერალისტთა ნაწილი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა] წინააღმდეგი იყვნენ ხელშეკრულებისა და ცდილობდნენ დაემტკიცებიათ, რომ ასეთი ხასიათის ხელშეკრულებანი ანადგურებს ჩვენს ეროვნულ ეკონომიას, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ვერც ერთი საღი არგუმენტი ვერ მოიყვანეს ხელშეკრულების მოწინააღმდეგე დეპუტატებმა.
ჩვენ სიამოვნებით ვეგებებით ტყვარჩელის კონცესიას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც მეტი იქნება ასეთი კონცესიები ჩვენში მით უფრო მალე გამოჯანსაღდება ჩვენი სახელმწიფოს დაავადებული ეკონომიური მხარე.