ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 25 იანვარს ჰიბრიდული ზამთრის პლენარული სესიის მეორე სხდომა გამართა, სადაც 11 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში ასამბლეის მიერ გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგი შეაფასა და წინასწარი რეზოლუცია მიიღო.
ასამბლეა მიესალმა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ „უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემისკენ“ გადადგმულ ნაბიჯს „შეუძლია საქართველოს პარლამენტის მეტად პლურალისტურ და წარმომადგენლობით შემადგენლობას შეუწყოს ხელი“.
PACE-მა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხარვეზებთან და ოპოზიციური პარტიების ბოიკოტთან დაკავშირებითაც გამოხატა სინანული.
ასამბლეამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა „2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო გადაცდომების შესახებ ყველა ბრალდება სრულად და გამჭირვალედ გამოიძიოს“, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს – მიიღონ მათი საპარლამენტო მანდატები და ხელი არ შეუშალონ საკანონმდებლო ორგანოს „დემოკრატიულ ფუნქციონირებას“.
გარდა ამისა, წინასწარ რეზოლუციაში PACE-მა რუსეთი „საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნების“ შესრულებასთან მიმართებით „პროგრესის ნაკლებობაშიც“ დაადანაშაულა, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
ასევე წაიკითხეთ:
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს არჩევნებზე დაკვირვების ანგარიში მიმოიხილა
-
საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების შესახებ წინასწარი დასკვნები გამოაქვეყნეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)