გენერალური პროკურატურა „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე“ დაკავებული საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის დღეს წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს.
საქმის პროკურორმა დღეს საგამოძიებო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ ბრალდებულების მიერ „ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად არის ამოწურული“ და „ამ ეტაპზე“ მათთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება „მიზანშეწონილი “ აღარ არის.
მისივე თქმით, „ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული“ და ვიდეო-აუდიო ჩანაწერების სახით მათი აღიარება „ყველამ ერთად ნახა“. პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ გამოძიებამ დაადგინა მოტივიც, რომ „ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად“.
„ეტაპისათვის უკვე გამოძიების აქცენტი მიმართულია დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს საგამოძიებო ორგანო“, – დაამატა მან.
21 იანვარს პროკურატურაში განაცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება დაასრულეს და განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნეს. პროკურატურამ მაშინ თქვა, რომ მელაშვილი და ილიჩოვა „მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით“
პროკურატურამ ივერი მელაშვილსა და დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს – მალხაზ მიქელაძის ფარული ჩანაწერიც გაასაჯაროვა, რომელშიც, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ჩანს, რომ 2006 წელს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის რამდენიმე მონაკვეთი, მათ შორის, დავით-გარეჯის მიმდებარედ საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. პროკურატურამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საზღვრის „13 მონაკვეთზე დაკარგვის საფრთხე შეექმნა საქართველოს ისტორიულად კუთვნილ ტერიტორიებს – დაახლოებით 3 500 ჰექტარს“.
მაშინ ორივე ბრალდებულის ადვოკატი ამბობდა, რომ პროკურტურის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერებით დაკავებულების ბრალეულობა ვერ დასტურდებოდა. დაცვის მხარე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ბრალს არც მელაშვილი და ილიჩოვა აღიარებენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)