Site icon Civil.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გაფიცული თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებაზე უარს ამბობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომელთა ნაწილი შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით გაიფიცა, ფოტო: კადრი ტელეკომპანია „ფორმულას“ ვიდეოდან

საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე წამყვანი კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლების ნაწილი 25 იანვრიდან გაფიცვას განაგრძობს. ისინი კომპანიისგან შრომითი ხელშეკრულებების გადახედვას, ხელფასების გაზრდას, ანაზღაურებად შვებულებას და ჯანმრთელობის დაზღვევას ითხოვენ.

გაფიცულთა შორის, ძირითადად, კომპანიის სატრანსპორტო განყოფილების მძიმე სარემონტო ავტომობილების ოპერატორები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადმინისტრაციამ გაფიცულებს მოკლე ტექსტური სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნა და გაფიცვის გამო კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მათ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტით დაემუქრა.

ერთ-ერთმა გაფიცულმა „ტელეკომპანია პირველს“ უთხრა, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ადმინისტრაცია მათი მოთხოვნების შესრულებას არ გეგმავს. კომპანია ამბობს, რომ ხელფასები უცვლელი დარჩება, მათ კი ვინც არსებულით უკმაყოფილოა „შეუძლიათ სახლებში წავიდნენ“.

28 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსის“ ადმინისტრაციამ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ კონტრაქტით დაქირავებული მძღოლები დღეიდან მზად არიან, რომ მუშაობა განაახლონ, ხოლო იმ „მცირე ჯგუფის“ წინააღმდეგ, რომელსაც კომპანია „აგრესიულ, ძალადობრივ და სხვა სახის უკანონო ქმედებებში“ ადანაშაულებს, შესაბამისი იურიდიული ღონისძიებები გატარდება.

ადმინისტრაციამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გაფიცული მუშების მცდელობის მიუხედავად, კომპანია შეუფერხებლად საქმიანობს და თბილისის უწყვეტ წყალმომარაგებას საფრთხე არ შეექმნება.

პროფკავშირების წარმომადგენელმა აკაკი გვალიამ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ გაფიცულების ნაწილი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებით კმაყოფილი დარჩა, ნაწილი კი – გაფიცვის გაგრძელებას გეგმავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)