ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი 28 იანვარს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვია, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა, ხოლო ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მძიმე სიტუაცია გააცნო.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონში, მათ შორის, საქართველოში, სტაბილურობის მნიშვნელობას და ეკონომიკური კუთხით „ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები“ მიმოიხილა.
ირანული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუჰამედ ჯავად ზარიფმა საქართველოში მცხოვრები ირანის მოქალაქეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს მთავრობას მათი მოგვარებისკენ მოუწოდა.
ამასთან, ირანელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის შეტაკებების შემდგომ პერიოდში წარმოქმნილ შესაძლებლობას, გაფართოვდეს რეგიონალური თანამშრომლობა „ყველა მხარის სასარგებლოდ“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმაც უმასპინძლეს. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები, აგრეთვე სატრანზიტო და სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებაზე ისაუბრეს.
რეგიონულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ისე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ირანული მხარის განცხადებით, მუჰამედ ჯავად ზარიფმა პრემიერ მინისტრ გახარიას მოუწოდა, ყურადღება დაუთმოს „რიგ პრობლემებს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში და შეზღუდვებს სატრანზიტო და სატრანსპორტო აქტივობებში“.
„საგარეო საქმეთა მინისტრმა ზარიფმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმე ირანელი პატიმრის გათავისუფლებისთვის, რომლებიც სასჯელს სახლიდან მოიხდიან და მოუწოდა თბილისს იმუშაოს სხვა პატიმრების საქმეებზეც“, – დასძინა ირანულმა სამინისტრომ.
ირანელი დიპლომატი ტელეფონით ესაუბრა ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანსაც, რომელთან შეხვედრაც იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ ამ უკანასკნელს ცოტა ხნის წინ კოვიდ-19 დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონული ტური 25 იანვარს დაიწყო და უკვე შეხვდა მაღალი რანგის პირებს ბაქოში, მოსკოვსა და ერევანში. იგი 29 იანვარს საქართველოდან თურქეთში გაემგზავრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)