Site icon Civil.ge

„სამართლიანი არჩევნები“ შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილ დისბალანსზე

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, 2020, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 29 იანვარს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის შედეგად შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილ დისბალანსზე დასკვნა წარმოადგინა.

„სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, ხმების პარალელური დათვლის (PVT) შერჩევაში შესული 850 უბნიდან 8%-ზე აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილად მიჩნეული პროპორციული ბიულეტენების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას აღემატებოდა. ამასთან, შემაჯამებელი ოქმების 25.8%-ში საარჩევნო ყუთში ჩაყრილ ბიულეტენებზე ნაკლები იყო აღრიცხული.

უბნების 8%-ზე ბიულეტენებში აღმოჩენილი „მეტობით დისბალანსზე“ საუბრისას, ორგანიზაცია აცხადებს, რომ უბნების 0.7%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული დისბალანსი კენჭისყრის დღესვე შესწორდა; ოქმების 2.9% კი – შემდგომ პერიოდში დაბალანსდა, ამასთან ოქმები არ დაბალანსდა უბნების 0.7%-ზე; აგრეთვე უბნების 1.3%-ზე მხოლოდ ახსნა-განმარტება დაიწერა და შემაჯამებელ ოქმებში მონაცემი არ გასწორდა; საარჩევნო უბნების 0.6%-ზე შემჯამებელი ოქმები საეჭვო გარემოებებში შესწორდა; უბნების 1.8%-ზე კი ოქმები ხარვეზით შედგა.

რაც შეეხება უბნების 25.8%-ზე გამოვლენილ ნაკლებობას, ორგანიზაცია აცხადებს, რომ საარჩევნო უბნების 19.4%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული დისბალანსის შესასწორებლად შესწორების ოქმი ან საერთოდ არ შედგა, 6.4%-ზე კი – შესწორება იმავე ან მომდევნო დღეებში სცადეს და საერთო ჯამში ბალანსი უბნების 3.2%-ზე არ შედგა.

„სამართლიანი არჩევნები“-ის დასკვნით, საოლქო კომისიებში შედგენილი შესწორების ოქმები და განკარგულებები კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდნენ.

ცესკოს პასუხი

მოგვიანებით, „სამართლიან არჩევნებს“ ცესკოში უპასუხეს და განმარტეს, რომ „ე.წ დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებით, საბოლოო მონაცემების მიხედვით, საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში – 0.52%-ში ფიქსირდება“.

საარჩევნო ადმინისტრაციაში ასევე აღნიშნეს, რომ „ე.წ. 8%-იანი დისბალანსის“ დამუშავებისას, „სამართლიან არჩევნებს“ შესწორების ოქმები გათვალისწინებული არ ჰქონდა. „არასრული, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებით“, – ხაზი გაუსვეს ცესკოში.

„სამწუხაროა, რომ არჩევნების პერიოდში ამ დაუზუსტებელი (არასწორი განმარტებებით) მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა“, – განაცხადეს ცესკოში.

ამბის წინაისტორია

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები 11 დეკემბერს, ახალი პარლამენტის პირველი სესიის გახსნამდე, ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. დაზუსტებული შედეგებით, ქართული ოცნების მაჩვენებელი თავდაპირველთან შედარებით, 45.8%-დან 47.6%-მდე გაიზარდა.

დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე, 25 დეკემბერს ორგანიზაციის აწ უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დათოვა. ორგანიზაციის გამგეობამ ხმების პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას დააკისრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)