წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მიუხედავად, კომპანია „ენკა რინიუებლზმა” 30 იანვარს ჰესის სამშენებლო სამუშაოები პოლიციის ძალების მხარდაჭერით მაინც განაახლა.
პოლიციამ პროექტის მშენებლობის ადგილას განთავსებული ის კარავი დაშალა, რომელშიც აქციის მონაწილეები ჰესის აშენებას, მათი თქმით, მოსალოდნელი დამანგრეველი ეკოლოგიური და სოციალური გავლენის გამო, 98 დღის განმავლობაში აპროტესტებდნენ.
ვარლამ გოლეთიანმა, ახალგაზრდა ადგილობრივმა აქტივისტმა, რომელიც საპროტესტო მოძრაობას უძღვება, ხელისუფლების გასაგონად განაცხადა, რომ ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანიას საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას არ მისცემენ. მისი თქმით, „ენკა რინიუებლზს” სამშენებლო სამუშაოები სულ მცირე შვიდი წლის განმავლობაში მაინც მოუწევს, და რომ ძალისმიერი მეთოდებით მოქმედება, პირველ რიგში, სწორედ კომპანიის ინტერესს არ უნდა წარმოადგენს.
მცირე შეხლა-შემოხლისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციელთა მისამართით განაცხადა, რომ ისინი „თურქებს ემსახურებიან”. სტამბოლში დაარსებული კომპანია „ენკა” ნორვეგიულ „ქლინ ენერჯი გრუფთან” (Clean Energy Group) ერთად ჰესის განვითარების, აშენების, ფლობისა და ოპერირების უფლებებით სარგებლობს.
„ენკა რინიუებლზმა”, თავის მხრივ, 30 იანვარს განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს კერძო ინვესტორის დაცვის ვალდებულება აკისრიათ. „პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკზე და სამომავლო იურიდიულ გართულებებზე”, წერია „ენკას” განცხადებაში.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, „ნამახვანჰესი, ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ჰესი, რომელიც საქართველოში შენდება, არის ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი”.
თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ნამახვანჰესი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული და უსაფრთხო პროექტია, „რომელიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა”.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომელიც პროექტის მშენებლობის შესაჩერებლად გასულ წელს სასამართლოს მიმართა, საქართველოს ხელისუფლება პროტესტის „რეპრესიული მეთოდებით“ ჩახშობაში დაადანაშაულა. ამასთან, ორგანიზაციამ სასამართლოს მოუწოდა, საქმე „დროულად და მიუკერძოებლად“ განიხილოს.
პროექტის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებსა და ჰესისგან წარმოშობილ სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებს უსვამენ ხაზს, მშენებლობა პირველ თებერვალს პარლამენტის წინ გააპროტესტეს. საპროტესტო აქცია იგეგმება იმერეთშიც. ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, ჰესის მშენებლობის მახლობლად 7 თებერვალს აპირებენ საპროტესტო შეკრების განახლებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)