Site icon Civil.ge

ქართული ოცნება ოპოზიციის დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფოტო: Twitter/Georgian Dream

ქართული ოცნება 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ბოიკოტის რეჟიმში მყოფ 51 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატებს არ შეუწყვეტს.

დღეს, პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ პარლამენტის „საბოტაჟს“ ცდილობს, რასაც მმართველი გუნდი დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს“.

„ჩვენ ამ დეპუტატებს მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მათი მხარდამჭერების ნებას“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საპარლამენტო უმრავლესობამ საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებაც გაითვალისწინა, რომელიც „რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება“.

„ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა ოპოზიციის კიდევ 20 დეპუტატს სურს, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმას „შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ“. „შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა“, – დაამატა კობახიძემ.

გუშინ გავრცელებულ მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა ოპოზიციას, რომ პატივის სცეს თავის ამომრჩეველს და სადეპუტატო მანდატებით ისარგებლოს, ხოლო უმრავლესობას, „არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას“ და ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის „ნაადრევი“ გადაწყვეტილება არ მიიღოს.

პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას კენჭს დღეს, პარალმენტის პირველ საგაზაფხულო სესიაზე უყრიან. სხდომას ქართული ოცნებისა და პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესულ 4 დეპუტატთან ერთად, პარტია მოქალაქეების ორი დეპუტატიც დაესწრება, რომელთაც საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილება 29 იანვარს, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანმხების შემდე გადაწყვიტეს.

51 ოპოზიციონერიდან, რომელთათვისაც დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე დღეს პარლამენტი იმსჯელებს, 36 ენმ-ძალა ერთობაშიას ბლოკიდან არის, 5 ევროპული საქართველოდან, 4-4 სტრატეგია აღმაშენებლიდან და ლელოდან, 1 ლეიბორისტული პარტიიდან, ერთიც გირჩის ახალი განაყარის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეა.

გირჩის დანარჩენ ნაწილს კი, მათ შორის იაგო ხვიჩიას, პარლამენტისთვის მანდატების გაუქმების მოთხოვნით არ მიუმართავს.

თავდაპირველად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „გაყალბების“ გამო ახალ პარლამენტს ბოიკოტს, ყველა ის ოპოზიციური პარტია უცხადებდა, რომელთაც 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

ქვეყენაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადასალახად, საქართველოში აშში-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც მას შემდეგ შეჩერდა, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც ოპოციისთვის მთელ რიგ შეზღუდვებს, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასაც ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)