საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს, ევროპული სამეზობლოს პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ერთობლივი წერილით მიმართეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2 თებერვლის განცხადებით, მინისტრებმა აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ პარტნიორებს ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობა უნდა მისცეს.
„სამი ქვეყნის მინისტრის ძირითადი გზავნილია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ ამბიციურ პარტნიორებს უნდა გაუხსნას ევროკავშირთან მეტად დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები, მათ შორის ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივი და სრული ინტეგრაცია“, – ვკითხულობთ საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებისა და აქტუალურობის შენარჩუნების მიზნით, პარტნიორობა უკეთესად უნდა მოერგოს ყველა პარტნიორის „ახალ რეალობებსა და საჭიროებებს“, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რიგ სფეროებში, როგორებიცაა – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მართლმსაჯულება, სტრატეგიული კომუნიკაციები და ჯანდაცვა, თანამშრომლობის გაძლიერების გზით.
მიმართვა ყურადღებას ამახვილებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობაზე და ევროკავშირს კონფლიქტების მოგვარების საქმეში საკუთარი როლის ზრდისკენ მოუწოდებს.
„აღნიშნული ერთობლივი მიმართვა ემსახურება ახალი, სტრატეგიული, გრძელვადიანი ხედვის შექმნას, რომელიც ასოცირებული პარტნიორებისთვის მხარდამჭერი გზავნილი იქნება“, – აცხადებენ მინისტრები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)