აშშ-ის საელჩო საქართველოში მიესალმა პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას ოპოზიციის დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნებასთან დაკავშირებით და მას „პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდა.
საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მანდატების შენარჩუნება შესაძლებლობას აძლევს პარტიების ლიდერებს გააგრძელონ დეკემბრის დასაწყისიდან შეჩერებული მოლაპარაკებები, რათა „მომდევნო დღეების განმავლობაში იპოვონ გამოსავალი პოლიტიკური ჩიხიდან“.
საელჩომ მოუწოდა ყველა პარტიის ლიდერებს, „მიმდინარე დიალოგის ფარგლებში განხილვის პროცესში მყოფი არსებითი წინადადებების სრული სპექტრის განხილვისა და მოკლე დროში შეთანხმების მიღწევისკენ, რაც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ პროცესს და ქვეყნის ინტერესს პირველ ადგილზე დააყენებს“.
დღესვე, პარლამენტის გადაწყვეტილება აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმაც შეაფასა და აღნიშნა, რომ გუშინდელმა კენჭისყრამ ცოტათი მეტი დრო მისცა პარტიებს, რათა „განსხვავებული შეხედულებები შეაჯერონ, თუ ამის გაკეთება შეუძლიათ“.
ელჩმა დეგნანმა NDI-ის კვლევაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ქართველების 75%-ზე მეტს სურს მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები პარლამენტში იხილოს, რათა მათ ზემოთ ხსენებულ საკითხებზე ერთობლივად იმუშაონ“. „იმედი მაქვს, განსხვავებული შეხედულებების შესაჯერებლად სხვადასხვა საკითხის განხილვის დროს, პარტიები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას მხარი არ დაუჭირა
- ქართული ოცნება ოპოზიციის დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)