საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ლაშა არქანიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 1 თებერვალს, წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავა, ხოლო ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
2020 წლის 25 ივნისს, „არქანია საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ლაშა არქანია უკანონო დაკავების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ინციდენტზე ეფექტიანი გამოძიება ვერ უზრუნველყო.
პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის ივნისში, შსს-ს ყოფილმა თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს და აწამეს წალენჯიხის რაიონის მცხოვრები ლაშა არქანია, რომლისგანაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პოლიციის მიერ ძებნილი პირის ადგილსამყოფელის გამჟღავნებას ითხოვდნენ.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც შსს-ს თანამშრომლებმა იძულების გზით ვერ მოახერხეს სასურველი ინფორმაციის მოპოვება, მათ დაკავებულს გაყალბებული პირადი ჩხრეკის ოქმი წარუდგინეს, რომლის თანახმადაც ვითომდა მისი ჩხრეკისას უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „AK“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 19 ცალი სამხედრო ვაზნა ამოიღეს. მოგვიანებით, ეჭვმიტანილებმა ფიზიკური ძალადობისა და ხელკეტით გაუპატიურების მუქარით უკანონოდ დაკავებული პირი აიძულეს, რომ თითქოსდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული ეღიარებინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)