გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 8 თებერვალი, N29
დიდი დღესასწაული საქართველოს იურიდიულად ცნობის გამო
საქართველოს იურიდიულად ცნობის დღესასწაული თებერვლის 6-ს ღირსეულად იდღესასწაულა დედა ქალაქმა. ეს დღე ნამდვილ ეროვნულ ზეიმს წარმოადგენდა; დიდი ისტორიული დღე იყო, როცა საბოლოოდ გამთელდა ქართველი ერის დაფლეთილი სხეული; განახლდა ისტორია: საუკუნის განმავლობაში ფეხქვეშ გათელილი ეროვნული უფლებები აღდგენილ იქმნა. დაგვირგვინდა ჩვენი რესპუბლიკა, ნამდვილ სახელმწიფოდ იქცა, თანასწორი უფლებებით გვერდში ამოუდგა ევროპის დიდ სახელმწიფოებს. ევროპის დემოკრატია, მისი საუკეთესო ხელმძღვანელნი დარწმუნდნენ, რომ ქართველი ერი ღირსია სიცოცხლისა, რომ მას შესწევს უნარი, ნიჭი, ცოდნა და ტრადიცია თავის თავისა მოვლა-პატრონობისა, ასეთი იყო ამ დიდი დღის მნიშვნელობა და როგორ შეიძლებოდა, რომ ამ ეროვნულ დღესასწაულში მთელ ერს არ მოეღო ერთსულოვნად მონაწილეობა.
დილით
დედა ქალაქი ისევ წინა დღითვე ახმაურდა. თებერვლის 5-ს საღამოს სახლები მორთული იყო ეროვნული დროშებით. თებერვლის 6-ის დილა მეტად სუსხიანი გათენდა. მაგრამ დილის ათი საათი არ იყო, რომ მუსიკის საზეიმო ჰანგებმა სადღესასწავლოდ ააცეკვეს ტფილისის ქუჩები. ყველა სადღესასწაულოდ წარმზადებულიყო, ყველა სადღესასწავლო პროცესიისაკენ მიიჩქაროდა. თვითეული მოქალაქე სათანადოთ გრძნობდა ამ დიადი დღის უაღრეს მნიშვნელობას. 11 საათზე უკვე ჩამწკრივებულიყო ჯარი და გვარდია, მუშები, მოსამსახურენი, მოსწავლე-ახალგაზრდობა. წყნეთის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე პროცესიას ამშვენებდა ეროვნული და სარევოლუციო წითელი დროშები. იყო პლაკატები შესაბამისი წარწერებით.
სრულ 12 საათზე მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენ და მიულოცეს ყველა სახელმწიფოს წარმომადგენლებმა. 1 საათზე მთავრობის თავმჯდომარე და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგი, ყველა უცხოელ წარმომადგენლებისა და მთავრობის წევრების თანხლებით გამობრძანდენ სასახლიდან სამხედრო ტაძრის ეზოში; აქ მათ შეეგება სამხედრო ცერემონიალით ჯარი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მთავარსარდალი გენერალი ოდიშელიძე. მთავრობის თავმჯდომარე თავის მოკლე სიტყვაში მხურვალედ მიესალმა ჯარს, აღნიშნა დღის სიდიადე და მოუწოდა მხედართ კვლავაც განაგრძონ ბრძოლა თავისუფალ სამშობლოს დაცვისათვის. თავმჯდომარის სიტყვა „ვაშა“-სი და „გაუმარჯოს“ ძახილით დაფარა ლამაზად ჩამწკრივებულმა და გმირული გამომეტყველების მქონე ჯარის კაცებმა. შემდეგ მთავარსარდალი მიესალმა ჯარს და უსურვა ჩვენს მთავრობას დღეგრძელობა რესპუბლიკისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ. შემდეგ მთავრობა და უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენელნი გაემართენ სასახლის წინ საგანგებოთ მორთულ ესტრადისაკენ. იწყო დენა სამხედრო ცერემონიალით ჩვენმა – გმირმა ჯარმა და სახელოვანმა გვარდიამ. ჯარის ყველა ნაწილები საუკეთესო შთაბეჭდილებას სტოვებდა, მაგრამ ყველაზე უფრო სასიამოვნო სანახავი იყო იუნკერები და 1-ლი ბატალიონის ჯარისკაცნი. ჯარს მოყვა მოსწავლე ახალგაზრდობა, სტუდენტობა, მუშები და სხვა. ჯარის ნაწილების გავლის შემდეგ გაიმართა დიდი მიტინგი.
მთავრობის თავმჯდომარის სიტყვა
პირველად ხალხს დღესასწაული მიულოცა ნ. ჟორდანიამ, რომლის გამოსვლას მხურვალე და ერთსულოვანი ტაშით შეხვდა მრავალრიცხოვანი მიტინგი, მის სიტყვებს ფარავდა ტაში და ვაშას ძახილი. სხვათა შორის სთქვა: „ჩვენი სახელმწიფო აღიარებულ იქმნა რუსეთის მიერ, შემდეგ ის იცვნეს ევროპის სოციალისტურმა კონგრესებმა და შემდეგ ევროპის სახელმწიფოებმა; აქედან თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს საქმეში ყველანი შეერთდნენ. ცხადია, ჩვენ მივდიოდით სწორი გზით, არ გაგვიკეთებია ისეთი შეცდომები, რომელსაც შეეძლო საფრთხეში ჩაგდება ჩვენი სახელმწიფოსი. აი ამ ნაყოფს ჩვენი მუშაობისა, ჩვენ ვდღესასწაულობთ დღეს. მოგილოცავთ ამ დღესასწაულს და გისურვებთ არ გადასცდენოდეთ იმ სწორ გზას, რომლითაც დღემდე მივდიოდით. გაუმარჯოს საქართველოს დემოკრატიას, გაუმარჯოს მუშა ხალხს. (კვლავ ტაში და ვაშას ძახილი).
ღამით
ღამე შედარებით უფრო თბილოდა. თითქოს ბუნებამაც კი იგრძნო ბოლოს მაინც დღესასწაულის მნიშვნელობა. ტფილისის მთავარი ქუჩები თვალწარმტაც სანახაობას წარმოადგენდენ. განსაკუთრებით ლამაზად იყო მორთული მთავრობის სასახლე, ერობათა კავშირის ბინა, ქალაქის თვითმმართველობა და ტფილისის სამაზრო ერობის შენობა. გირლანდიები და შიგ ჩაქსოვილი ელექტრონის „მრავალ ფეროვანი“ შუქები შუაში სახელმწიფო ღერბი აძლიერებდენ სანახაობას. მორთული ტრამვაის მოძრაობა ლამის პირველ საათამდე არ შეწყვეტილა. შუშხუნას სინათლე კიდევ უფრო აცისკროვნებდნენ „საქართველოს ცას“.