ამერიკის შეერთებული შტატების ნაღმოსანი ხომალდი „დონალდ კუკი“ (DDG 75) 5 თებერვალს ბათუმის პორტში შევიდა, სადაც საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნას ჩაატარებს. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, ერთობლივი საზღვაო წვრთნის მიზანია მზადყოფნის გაუმჯობესება, საზღვაო ტერიტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ურთიერთთავსებადობის გაძლიერება.
„ეს ვიზიტი ხაზს უსვამს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს მტკიცე თანამშრომლობას და კოვიდ-19-ის გამოწვევების მიუხედავად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზადყოფნას“, – აღნიშნა საელჩომ.
ამერიკული ნაღმოსნის კაპიტანმა, მეთიუ კარნენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ძლიერი პარტნიორობის სიმბოლოა.
ესპანეთში ბაზირებულმა „დონალდ კუკმა“ ნატოს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან წვრთნების ჩატარების მიზნით ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვისკენ გეზი 23 იანვარს აიღო. საქართველოს შს სამინისტროს ცნობით, ამერიკული ხომალდი ბათუმს ხვალ დატოვებს.
ამერიკული ნაღმოსანი საქართველოს ბოლოს 2019 წელს სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)