Site icon Civil.ge

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალს ესტუმრა

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ცხინვალს სტუმრობს, ფოტო: Cominf.org

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და პრეზიდენტ პუტინის პარტიის – „ერთიანი რუსეთის“ წევრი, კონსტანტინ კოსაჩევი ხელმძღვანელობს, გუშინ ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა და რეგიონის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვსა და „პარლამენტის წევრებს“ შეხვდა.

ვიზიტი ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტის“ მუშაობის რამდენიმეთვიანი შეჩერების ფონზე შედგა. ცხინვალის ოპოზიციონერი „დეპუტატები“ სექტემბრიდან მოყოლებული ორგანოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებენ და ამაოდ ითხოვენ 28 წლის პატიმრის, ინალ ჯაბიევის სავარაუდო წამების საქმესთან დაკავშირებით „გენერალური პროკურორის“ გადადგომას.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრაზე კოსაჩევმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ბოიკოტი „არა მხოლოდ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის, არამედ ჩვენი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას აფერხებს“. რუსმა კანონმდებელმა ასევე აღნიშნა, რომ „საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ გადავაბიჯოთ ემოციებს და დავუბრუნდეთ შემოქმედებით მუშაობას“.

„რესის“ ცნობით, ცხინვალელ „დეპუტატებთან“ შეხვედრაზე კოსაჩევმა განაცხადა, რომ „რუსეთის ერთადერთი ინტერესია, რომ სამხრეთ ოსეთში სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური განვითარება იყოს, რათა ის საკითხები მოგვარდეს, რომელთა მოგვარებასაც ხალხი ხელისუფლებისგან ელოდება. ეს კი მოითხოვს, რომ ამ ხელისუფლების ყველა ინსტიტუტი ქმედუნარიანი იყოს“.

რუსეთის დელეგაციასა და ოკუპირებული რეგიონის „დეპუტატებს“ შორის გამართული რიგი შეხვედრების შემდეგ, ცხინვალში „საკანონმდებლო ორგანომ“ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სხდომა მოიწვია, სადაც კოსაჩევი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა – „იპოვეთ კომპრომისი, დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს შეგიძლიათ“.

ამ ეტაპზე უცნობია, დაუბრუნდება თუ არა ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტი“ მუშაობას უახლოეს დღეებში ან კვირებში, რათა რიგი აქტუალური საკითხები, მათ შორის, ბიუჯეტის მიღებისა და ახალი „პრემიერ-მინისტრის“ დამტკიცების საკითხები განიხილოს, რადგანაც „მთავარი პროკურორის“ გადადგომის შესახებ მოთხოვნა ჯერ არ დაკმაყოფილებულა.

„დეპუტატების მიერ კოორდინირებული, ერთობლივი და დაგეგმილი მუშაობის გარეშე, ორმხრივი თანამშრომლობის ნებისმიერი მიმართულებით წინსვლა ან გართულებულია, ან შეუძლებული“, – განაცხადა ვიზიტის შეჯამებისას კოსაჩევმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)