გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 9 თებერვალი, N30
საფრანგეთი და საქართველო
„ტანი“ 16 იანვრის თარიღით „საფრანგეთი და საქართველო“-ს სათაურით საგანგებო წერილს ბეჭდავს. წერილი შეეხება საქართველოსი მყოფ საფრანგეთის უმაღლეს კომისარ შევალიეს საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბარს. ამ საუბარში შევალიე იმ აზრს გამოსთქვამს, რომ საფრანგეთს სურდა ენახა საქართველო თავისუფალი და აყვავებული და რომ იგი ღრმა სიმპატიით ადევნებს თვალყურს იმ გმირულ ბრძოლას, რომელსაც აწარმოებს ქართველი ხალხი გარს შემორტყმულ დაბრკოლებათა და საშიშროებათა წინააღმდეგ.
წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრები ფრანგები ღრმათ არიან დარწმუნებული, რომ საქართველო ამჟამად არა მარტო ამიერ-კავკასიაში, არამედ მთელ წინა აზიაში არის ერთად ერთი სახელმწიფო, სადაც გამეფებულია წესიერება და თავისუფლება, სადაც არსებობს საშუალება მრეწველობის განვითარებისა. საქართველოს მთავრობამ არა შემთხვევით შესძლო გაეწია წინააღმდეგობა ბოლშევიზმისათვის, რომელმაც დაამხო საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოები. საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა ხალხის მისწრაფება, გადასწყვიტა აგრარული საკითხი, და გააუმჯობესა რამდენათაც ეს შესაძლებელი იყო მუშათა მდგომარეობა და შეიქმნა ამრიგათ პირობები ბოლშევიკურ პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად. საგარეო პოლიტიკაში საქართველოს მთავრობა მოხერხებულად იცდენდა თავიდან ბოლშევიკების ცდას ჩაეთრია იგი მოსაზღვრე სახელმწიფოების შინაურ საქმეებში და შეექმნათ ამ რიგად კონფლიქტი. აქაც ისე როგორც შინაურ აჯანყების ცდაში, ბოლშევიკები საშინლად დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არავითარ საშუალებას არ ერიდებოდნენ. ეს გარემოება აიხსნება იმით, რომ საქართველო უმთავრესად არის წვრილი მეურნეობის ქვეყანა და ქართველი გლეხი, ისე როგორც ყველა სხვა ქვეყნის გლეხი საერთოდ ბოლშევიკებს საშინელი ზიზღით უყურებს.
რაც შეეხება საქართველოს მუშათა კლასს , მასში მეტად ძლიერია პატრიოტული გრძნობა. ამ ეროვნულმა მთლიანობაში მისცა საშუალება მთავრობას ყოველგვარ რყევის გარეშე მიეღო ენერგიული ზომები იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც სცდილობდენ მოეწყოთ შეთქმულება არსებულ წესწყობილების წინააღმდეგ. შინაური არევ-დარევა ძირიან-ფესვიანათ არის აღმოფხვრილი. მშვიდობიანათ განწყობილნი და პრაქტიკული ქართველები ღიმილით კითხულობენ სტამბოლისა და ჰელსინგფორსის გაზეთების სენსაციურ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს ტფილისში და ბათომში საბჭოთა ძალაუფლება გამოცხადდა. ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც ეღობება საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, ეს იყო ის, რომ მისი დამოუკიდებლობა არ იყო ცნობილი იურიდიულად. საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შემდეგ გაუმჯობესდება რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკური მდგომარეობა და ამასთანავე განმტკიცდება საქართველოს ეკონომიური მდგომარეობაც.