თბილისსა და ბათუმში 6-7 თებერვლის ღამეს კომენდანტის საათის წინააღმდეგ სამოქალაქო და ოპოზიციის აქტივისტებმა მსვლელობა გამართეს, რასაც ბათუმში 11 პირის დაკავება მოჰყვა.
ბათუმში აქციის ერთ-ერთი მონაწილის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიცია აქტივისტებს ძალის გამოყენებით აკავებს, რა დროსაც აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მოგვიანებით, ერთ-ერთმა აქტივისტმა, ქეთი გოგოლაურმა მედიას განუცხადა, რომ ის აქციის დროს დააკავეს, რის შემდეგაც მასზე პოლიციელმა იძალადა, ყელში ხელი წაუჭირა და ახრჩობდა. მისივე თქმით, პოლიციამ იგი მას შემდეგ გაუშვა, რაც გაიგო, რომ ამერიკის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ ბათუმში 11 პირი პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
პარალელურად, აქციამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა თბილისში. პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები „დედაენის“ ბაღისკენ მსვლელობით გაემართნენ და დაწესებული შეზღუდვები ამ ფორმით გააპროტესტეს.
საპროტესტო აქციას სახელწოდებით – „დაუმორჩილებლობის მარში“ წინ ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების მიმართ ბოლო კვირების განმავლობაში საზოგადოების მზარდი უკმაყოფილება უძღვოდა.
ხელისუფლებამ 5 თებერვალს თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ნოემბრის ბოლოდან მოქმედი ზოგიერთი შეზღუდვის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმსა და რამდენიმე პატარა ქალაქში შეზღუდვების უმეტესობა 1 თებერვლიდან მოიხსნა. თუმცა, კომენდანტის საათი ჯერჯერობით ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)