Site icon Civil.ge

ბათომში საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად აღიარება აღნიშნეს

ბათუმი, 1920 წლის 24 სექტემბერი, მოქალაქეები ესალმებიან ევროპელ სოციალისტთა დელეგაციის წევრებს. ფოტო - დოკუმენტური ფილმიდან "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კინოქრონიკა". დაცულია ეროვნულ არქივში.

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 10 თებერვალი, N31

ბათომი

საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის აღსანიშნავმა დღესასწაულმა 6 თებერვალს ბრწყინვალედ ჩაიარა. დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა დიდი მიტინგი. მიტინგს დაესწრენ აუარებელი მუშები, მოწაფეები და ხალხი. მიტინგი გახსნა ქალაქის თავმა, დამფუძნებელი კრების წევრმა გიზო ანჯაფარიძემ. მისასალმებელი სიტყვები წარმოსთქვეს საგანგებო რწმუნებულმა გრიგოლ გიორგაძემ, პროფესიონალურ საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ აიოლომ, ირ დიდიძემ, ა. ანგულაძემ, კაპ. გოგოლაძემ და პეტროსიანმა (დაშნაკელების პარტიიდან) ქალაქს ზეიმის ელფერი ედო ქუჩებში გაიმართა მანიფესტაციები.